მილანი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

ალეგრი, გუნდი და ხელმძღვანელობა — ყველა მოდრიჩის დარჩენას ითხოვს

გასული კვირაც დასრულდა, კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა და „ტორინოსთან“ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ „მილანი“ კიდევ უფრო დააახლოვა სეზონის მთავარ მიზანთან — მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასთან.

სწორედ ეს ევროპული ფაქტორი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი, რომელიც ლუკა მოდრიჩს „როსონერისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დააფიქრებს. მილანში ყველა მხარე აქტიურად ცდილობს მისი შენარჩუნებას.

მოდრიჩის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს იწურება. ხორვატი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა. გასულ ზაფხულს „მილანში“ გადასვლა მისთვის ბუნებრივი არჩევანი იყო, თუმცა ახლა კლუბს სურს, რომ ის გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

კონტრაქტში ჩადებულია ავტომატური ერთწლიანი გახანგრძლივების პუნქტიც, თუმცა კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ თავად მოდრიჩი მიიღებს.

მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის გაგრძელებას არა მხოლოდ ხელმძღვანელობა, არამედ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრიც უჭერს მხარს — მან მოდრიჩი თითქმის მთელი სეზონი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. ასევე აქტიურად ცდილობენ მის დარწმუნებას თანაგუნდელებიც.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგა ამ ეტაპზე მთავარი ფაქტორია, რომელიც ლუკაზე მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში 41 წლის გახდება, ის სერიოზულად განიხილავს კიდევ ერთი სეზონით „მილანში“ დარჩენას, რათა ისევ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და განიცადოს ის ემოცია, რომელიც ბავშვობიდან ახსოვს — იმ დროიდან, როცა „მილანის“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს გულშემატკივრობდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, დღემდე მილანის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები