გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლომაია
Aa
Aa

ლომაია: „მამარდაშვილი ალისონს წასვლას აიძულებს“

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან“ „ლივერპულში“ ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენაა, ამაზე ყველა თანხმდება. საქართველოს ნაკრების მეკარემ ესპანეთის ლა ლიგაში უკვე დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და იგივეს გაკეთებას ინგლისის პრემიერ ლიგაშიც აპირებს, სადაც გაცილებით დიდი კონკურენცია დახვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ალისონ ბეკერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყოფილი მეკარე გიორგი ლომაია სრულიად დარწმუნებულია, რომ „მამარდა“ მერსისაიდული გრანდის ნომერ პირველი კარის დარაჯი გახდება, რაზეც მან Crystalsport-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.

გიორგი ლომაია

ეჭვი არ მეპარება, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს და კლუბის ხელმძღვანელები იძულებულნი გახდებიან ალისონი სხვა გუნდში გაუშვან. „წითლები“ დიდ ფულს ტყუილად არც ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ არ იხდიან. ხომ ხედავთ, ცოტა ხნის წინ ფლორიან ვირცში „ლევერკუზენს“ რა თანხა გადაუხადეს და როგორ ფიქრობთ, „ვალენსიადან“ გიორგის ტყუილად წაიყვანდნენ?

მამარდაშვილის მსგავსად, პროგრესირებენ სხვა ქართველი მეკარეებიც და ამ სათამაშო რგოლში საქართველოს ნაკრებს ალბათ დიდი ხნის განმავლობაში არ გაუჭირდება. იგივე ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის ჩემპიონ „პაოკში“ გადავიდა. ცოტა ხნის წინ, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა ხარატიშვილმა არაჩვეულებრივად ითამაშა და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც ნიჭიერი მეკარეები იზრდებიან.

უზომოდ დამწყდა გული ქართული კლუბების წარუმატებლობის გამო და მათ მეტოქეებშიც არ გაუმართლა. ვიცი, რომ ჩვენ მომთხოვნი გულშემატკივარი გვყავს, მაგრამ იგივე ლატვიისა და ესტონეთის კლუბებიც გაცილებით მეტ ფულს დებენ, ვიდრე ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ხარისხიანი ლეგიონერების გარეშე არ შეიძლება მაღალი მიზნების დასახვა - ამაში აზერბაიჯანში დავრწმუნდი, სადაც 5-6 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და რა დონეზე გავიდა „ყარაბახი“, ალბათ ყველა ხედავს. თუ კარგი ლეგიონერები ვერ ჩამოგვყავს, მაშინ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი და თუნდაც ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების წევრებს საქართველოს კლუბებში ასპარეზობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ცნობისათვის, გიორგი ლომაია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1998-2010 წლებში თამაშობდა და 45 მატჩიდან საკუთარი კარი მშრალად 5 შემთხვევაში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე წაგება არ შეიძლება, მეტი დისციპლინაა საჭირო“ - ძოძუაშვილმა ტორპედოს თამაში შეაფასა
„ასე წაგება არ შეიძლება, მეტი დისციპლინაა საჭირო“ - ძოძუაშვილმა ტორპედოს თამაში შეაფასა