ხვიჩა კვარაცხელია, გოგა გახოკიძე
Aa
Aa

„ოქროს ბურთის სამეულში უნდა მოხვდეს“ - გახოკიძემ კვარა შეაფასა

წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გოგა გახოკიძე ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის ხარჯზე, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე გულშემატკივართა დიდი სიმპათიებით სარგელობდა. კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში საფეხბურთო აგენტის პოზიციაზე მუშაობდა, ახლა კი მაყურებლის ამპლუაშია და მასთან სპორტის უპირველეს სახეობაზე საუბარი მუდამ საინტერესო და კარგი მოსასმენია. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გოგამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე და ქართული საკლუბო ფეხბურთის წარუმატებლობაზე ისაუბრა.

გოგა გახოკიძე

ლეგიონერებზე საუბარს ხვიჩა კვარაცხელიათი დავიწყებ - ეს ბიჭი როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება ისეთია, რომ მისი ბადალი არ მოიძებნება. საქართველოში და მთელ მსოფლიოშიც არიან მოთამაშეები, რომელთაც წარმატება თავში უვარდებათ, თუმცა ხვიჩა ყველასგან გამორჩეულია, სამაგალითო ადამიანია, მსგავსი არაფერი შემინიშნავს და ამიტომაც აღწევს წარმატებებს. სხვისი არ ვიცი და მე მას წლევანდელი „ოქროს ბურთის“ კანდიდატების საუკეთესო სამეულში შევიყვანდი. აღარ ჩამოვთვლი როგორი ფეხბურთელები დარჩნენ ხელმოცარული „პარი სენ-ჟერმენში“, კვარა კი ჩავიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ისთვის არ მემეტება და კარგი იქნება თუ გუნდს გამოიცვლის. გიორგი მიქაუტაძე ალბათ დარჩება „ლიონში“ და წელს ისეთი მაგარი სეზონი ექნება, რომ მომდევნო ზაფხულს გრანდში გადავა. ასევე ნამდვილად კარგი იქნება, თუ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძეც უფრო ძლიერ გუნდებში განაგრძობენ კარიერას.

ქართული კლუბების გამოსვლაზე კარგს ვერაფერს გეტყვით - საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, ალბათ უფრო უკეთეს ჩემპიონატს ვიმსახურებთ. საერთოდ ძალიან ბევრი პრობლემაა და გარედან საუბარი საკმაოდ რთულია. ნამდვილად არ ველოდი, თუ ოთხივე კლუბი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზევე დაემშვიდობებოდა ევროტურნირებს.

საუბრის ბოლოს გახოკიძეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც ვკითხეთ, სადაც ასპარეზობას საქართველოს ნაკრები სექტემბრიდან დაიწყებს და აღნიშნა, რომ სტარტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ესპანეთი ჯგუფის ფავორიტია, ხოლო ჩვენ მთავარ კონკურენტად მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თურქეთის ეროვნული გუნდი ესახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე წაგება არ შეიძლება, მეტი დისციპლინაა საჭირო“ - ძოძუაშვილმა ტორპედოს თამაში შეაფასა
„ასე წაგება არ შეიძლება, მეტი დისციპლინაა საჭირო“ - ძოძუაშვილმა ტორპედოს თამაში შეაფასა