„BMF-ის ქამარი არ მიყიდია, მოვიგე“ | ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა
მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა და BMF-ის სიმბოლური საჩემპიონო ქამარი ახსენა. „ელ მატადორი“ თვლის, რომ „დალოცვილის“ დანოკაუტებით BMF-ის ტიტული დაისაკუთრა, მაგრამ ჰოლოუეი სხვა პოზიციაზეა და აცხადებს, რომ თოფურიას პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
„მომავლით აღფრთოვანებული ვარ და ვნახოთ, რა მოხდება. ბევრი საინტერესო და მასშტაბური ორთაბრძოლის ჩანიშვნა შეიძლება. მსუბუქი წონითი დივიზიონი ერთ-ერთი ურთულესია და ნებისმიერ მეტოქესთან ჩხუბს მოუთმენლად ველოდები.
რაც შეეხება ილიას, ყველა ამბობს, რომ BMF-ის საჩემპიონო ქამარი აქვს. ბოლოს როცა შევამოწმე, ეს ქამრები არ მიყიდია (აქცენტი იმაზეა, რომ ილიამ BMF-ის ქამრის რეპლიკა იყიდა და მასთან ერთად პოზირებს ხოლმე), მოვიგე და დავიმსახურე. თანაც ერთხელ კი არა, ორჯერ. თოფურიამ ჯერ გაარკვიოს, რას ამტკიცებს. ჩვენი ჩხუბისას BMF-ის საჩემპიონო ქამარი სასწორზე არ ყოფილა და წარმოდგენა არ მაქვს, რას დაატარებს.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ და ჰოლოუიმ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ილიამ ნოკაუტით იმარჯვა და „დალოცვილი“ მესამე რაუნდში დააფინიშა.