თელავის შთამბეჭდავი გამარჯვება | იბერიას 30-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა, „იბერიამ“ „მიხეილ მესხზე“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
ანგარიში მე-9 წუთზე დერეკ აგიაკვამ გახსნა, 31-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა მოედნიდან „თელავის“ ფეხბურთელი ტატო ჟივიძე გააძევა. მიუხედავად ამისა სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 36-ე წუთზე თავი ფირუზ გაბიტაშვილმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ დადიანმა „იბერია“ წინ გაიყვანა, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი მაინც ფრედ დასრულდა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში ჯადული იობაშვილმა გაათანაბრა. 85-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა „თელავი“ წინ გაიყვანა, „იბერიამ“ კი მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.
ამგვარად, „იბერიაში“ გია გეგუჩაძის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. მეტიც, „თელავთან“ მარცხით დასრულდა „იბერიას“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერიაც. მომდევნო ტურში თბილისური გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. რაც შეეხება „თელავს“, ვალერი გაგუას გუნდი მომდევნო ტურში „კოლხეთს“ უმასპინძლებს.
დღესვე გამართულ შეხვედრაში „სამგურალმა“ შინ „კოლხეთს“ მოუგო - გოლები ველისოლის და გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა.