მიდლსბროდან (U23) იბერიაში | საქართველოს ჩემპიონი ლეგიონერით გაძლიერდა
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ’’ 21 წლის ცენტრალური მცველი ალფონსო ლინდო დაიმატა, რომელიც წარმოშობით ანგოლიდანაა, ინგლისის მოქალაქეა და „მიდლსბროს’’ აკადემიის აღზრდილია.
2021-25 წლებში ლინდომ „მიდლსბროს'' 23-წლამდე გუნდში 45 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. „მიდლსბრო’’ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, კლუბში არსებული დიდი კონკურენციის გამო ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა და კარიერა საქართველოს ჩემპიონს დაუკავშირა. ალფონსო ლინდოს ოფიციალური წარმომადგენელი ქართველი მენეჯერი გეგი კიკაბიძეა.
„იბერიამ'' მიმდინარე ზაფხულში კიდევ რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა: 28 წლის სერბი ნახევარმცველი მატიც ვრბანეცი, 24 წლის კოტდივუარელი მარჯვენა მცველი არმელ ზოური და 28 წლის სერბი ფორვარდი ანეს რუშევიცი.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ „იბერიასა'' და მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა, კორღალიძე გია გეგუჩაძემ შეცვალა, რომელიც პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.
„იბერიას'' პრესსამსახურის ფოტო