„პრემიერ ლიგა და ლა ლიგა საგრძნობლად გვისწრებენ“ - კანი ბუნდესლიგის ხარისხზე
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ოლივერ კანი მედიის წარმომადგენლების ყურადღებით საკმაოდ ხშირად სარგებლობს, მაგრამ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების კარის ყოფილი დარაჯი ინტერვიუების მიცემაზე იშვიათად თანხმდება. თუმცა, ამჯერად ტრადიცია დაარღვია და ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ის ჟურნალისტს ყველა აქტუალურ თემაზე ესაუბრა, რომელთა შორისაც ყველაზე საინტერესო მისი მოსაზრება გერმანიის ჩემპიონატთან დაკავშირებით იყო.
ოლივერ კანი
ბუნდესლიგას ყოველთვის ორი კუთხით უნდა შევხედოთ - ერთი მხრივ ეროვნულ დონეზე ჩვენი ქვეყნის პირველობა მნიშვნელოვან ღირებულებად რჩება, რაზეც დასწრების მაღალი მაჩვენებელიც მეტყველებს, თუმცა ეს ყველაფერი ასე ვთქვათ სრული სიმართლე არ გახლავთ და რეალობას ბოლომდე არ ასახავს.
ჩემს ირგვლივ ყველა საფეხბურთო ექსპერტი იცით რას აღნიშნავს? იმას, რომ ბუნდესლიგა, სერია A და ლიგა 1 ერთ დონეზე არიან, ხოლო პრემიერ ლიგა და ლა ლიგა გაცილებით წინ გაიჭრნენ, რადგან მათ კლუბებსა და ფეხბურთელებს მთელ მსოფლიოში იცნობენ. აქედან გამომდინარე კარგად მესმის ფლორიან ვირცის, რომელმაც „ლევერკუზენის“ დატოვება და „ლივერპულში“ გადასვლა გადაწყვიტა.
„ბაიერნი“ ჩემი მშობლიური კლუბია და მისი წარმატებები ყოველთვის მახარებს, მაგრამ თქვენი აზრით, კარგია, რომ უკანასკნელი 13 ბუნდესლიგის გათამაშებიდან 12 „რეკორდმაისტერის“ გამარჯვებით დასრულდა? არავითარ შემთხვევაში და ეს ფაქტი მომავალში ჩვენი ქვეყნის პირველობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
არ შეიძლება უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ კლუბს ბიუჯეტი 40 მილიონი ევრო ჰქონდეს. ისიც არ შეიძლება, რომ „ბაიერნის“ ხუთი სათადარიგო ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო სამ ადგილზე გასული კლუბების ღირებულებას აღემატებოდეს.
ოლივერ კანი „ბაიერნში“ 1994-2008 წლებში თამაშობდა და მიუნხენის გრანდის შემადგენლობაში რვაჯერ ბუნდესლიგა, ექვსჯერ ქვეყნის თასი, ხუთჯერ ლიგის თასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.