„თოფურიასთან ბრძოლის მოთხოვნას არ შევწყვეტთ“ - ცარუკიანის გეგმებზე მენეჯერმა ისაუბრა
ვისთან ბრძოლაში უნდა დაიცვას ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი? ეს შეკითხვა ბოლო პერიოდში MMA-ს სამყაროში ხშირად ისმის და რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ბრძოლა ოფიციალურად არ ჩანიშნულა და სანამ არ ჩაინიშნება, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელება სავარაუდოდ არ შეწყდება. არმან ცარუკიანი კარგად აცნობიერებს, რომ მას ჯერჯერობით ქართველ „ელ მატადორთან“ დაპირისპირების საშუალება არ მიეცემა, თუმცა ამბიციური განცხადებების გაკეთებას განაგრძობს და არც გაჩერდება, რასაც მისი მენეჯერის, საიატ აბდრაჰმანოვის კომენტარიც ადასატურებს.
რას ამბობს ცარუკიანის მენეჯერი
UFC-ის ხელმძღვანელების პოზიცია ასეთია - არმანს სჭირდება კიდევ ერთი ბრძოლის მოგება საიმისოდ, რათა სატიტულო ჩხუბი მიიღოს. რისი შეცვლა შეგვიძლია? რეალურად ალბათ არაფრის. ჩვენი შანსი იქნება ის, თუ თოფურიას უახლოეს პერიოდში ბრძოლას ჩაუნიშნავენ, მისი მეტოქე ამ დაპირისპირებიდან ჩაიხსნება და ღირსეული შემცვლელი დასჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში ცარუკიანი სრულ მზადყოფნაში იქნება.
გეგმა ასეთია - მიუხედავად არცთუ ოპტიმისტური განწყობისა, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ილია თოფურიასთან ბრძოლის მოთხოვნა და პარალელურად, თუ რაიმე ჩხუბს ჩაგვინიშნავენ, უარი არ ვთქვათ. ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო დაპირისპირებიდან გამოთიშვის გამო, არმანის რეპუტაცია შებღალულია და მისი აღდგენა მხოლოდ რომელიმე უძლიერესი მოწინააღმდეგის ძლევით იქნება შესაძლებელი.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ჩეილ სონენმა აღნიშნა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თოფურია-ცარუკიანის შეხვედრის ჩანიშვნა, უბრალოდ ამის გახმაურებას მოგვიანებით გეგმავენ.