„დაბრუნდეს და ეჩხუბოს“ - ჯონსს მეტოქე შეურჩიეს
დონალდ ტრამპისა და დენა უაითის მიერ დაანონსებულმა UFC-ის ღონისძიებამ, რომელიც 2026 წლის 4 ივლისს თეთრ სახლში უნდა გაიმართოს, შერეულ ორთაბრძოლებში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ბევრ მებრძოლს, რომელთაც კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუნდაც ამ ღონისძიებისთვის აქტიურ სპორტში დროებით დაბრუნების სურვილი გაუჩინა. მათ რიგებს მიეკუთვნება ლეგენდარული ჯონ ჯონსი, რომელთან დაკავშირებითაც ჩემპიონობის ყოფილმა პრეტედენტმა ხორხე მასვიდალმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. თუმცა, ისიც მოვისმინე, რომ ის დაბრუნებას არ გამორიცხავს. არ ვიცი რამდენად დამეთანხმება, მაგრამ შევატყვე, რომ „ბოუნსს“ დაცინვა და საპასუხო რეაქციების მიღება სიამოვნებს. თუმცა, თუ ოქტაგონში დაბრუნებას ვარაუდობს, მე მისი ჩხუბი მხოლოდ და მხოლოდ ტომ ასპინალთან მაინტერესებს. მერწმუნეთ, UFC-ის ხელმძღვანელებს ზედმეტი ორიგინალურობა არ სჭირდებათ, ჩანიშნონ ასპინალი-ჯონსი და გულშემატკივარი დაუვიწყარ სანახაობას მიიღებს“.
ცნობისათვის, ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის მძიმე წონით დივიზიონში შეხვედრას MMA-ს მოყვარულები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა ლეგენდარულმა ამერიკელმა კარიერა დაასრულა და ასპინალმა საჩემპიონო ქამარი ავტომატურად მიიღო, რომლის დაცვასაც უახლოეს მომავალში სირილ განთან დაპირისპირებაში შეეცდება.