კორუფციის ბრალდებით - სერბეთში იოკიჩის ბიძა დააპატიმრეს
სერბეთის ნაკრებისა და „დენვერ ნაგეტსის“ კალათბურთელის ნიკოლა იოკიჩის ბიძა დააპატიმრეს. სინიშა იოკიჩი იმ 14 ადამიანს შორისაა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასა და ფულის უკანონოდ მითვისებაში. საქმე ეხება რკინიგზის სადგურის სახურავს, რომელიც იმის გამო რომ უხარისხოდ იყო გაკეთებული, მალევე ჩამოინგრა, ხოლო ნგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე 1 ნოემბერს მოხდა და თექვსმეტი გარდაცვლილის გარდა, მრავალი ადამიანი დაშავდა, რის შემდეგაც გამოძიება მაშინვე დაიწყო და ახლაღა დასრულდა. ვარაუდობენ, რომ შედარებით დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალების იაფად შესყიდვის გამო, იოკიჩმა და მისმა პარტნიორებმა კოლოსალური თანხები იშოვეს, ყოველივე ამან კი ტრაგედია და ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რის გამოც მათ მრავაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
სინიშა იოკიჩი პროფესიით ისტორიკოსი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეა. ასევე გახლავთ სერბეთის პროგრესული პარტიის საპატიო წევრი, ხოლო წარსულში ნოვი სადის კულტურული ძეგლების დაცვის ინსტიტუტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.