ორი ოქრო და გუნდური მეორე - მოჭიდავეების წარმატება
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა ორი ოქროსა და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულეს, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში 122 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.
საუკეთესო შედეგი ერეკლე თავბერიძემ და გიორგი გოგელაშვილმა აჩვენეს, რომლებიც შესაბამისად, 65 და 71 კილოგრამ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში თავბერიძემ სომეხი იანეს ნაზარიანი 9:0 დაამარცხა და ასაკობრივი კონტინენტის პირველობა კარიერაში მეოთხედ მოიგო, ხოლო გოგელაშვილმა მოლდოველ იგნატ მეიკოს 9:1 აჯობა.
ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ საბა აბაშიძესა (45 კგ) და გიორგი ჩაჩუას (55 კგ), რომლებმაც ფინალი აზერბაიჯანელ აბდურაჰმან ჰუსეინლისთან და საერთაშორისო ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუს დანიელ ლოზხინთან დათმეს.