გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია

გიორგი კვერნაძემ წლევანდელ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, საგოლე აქტივი ულამაზესი სოლო-რეიდის შედეგად დაგვირგვინებული დარტყმით გახსნა, მოგვიანებით დუბლიც შეასრულა და „ფროზინონეს“ „იუვე სტაბიასთან“ 3:0 გამარჯვებაში დაეხმარა, რითაც მისი გუნდი სერია B-ს სატურნირო ცხრილში გალიდერდა და კონკურენტ „მონცას“ ბურთების უკეთესი შეფარდებით გაუსწრო.

მასპინძლები თავიდანვე სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ, რომელიც შედეგში იქამდე ვერ ასახეს, სანამ 22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თამაში საკუთარ თავზე არ აიღო - პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კვერნაძემ ჩინებული სოლო-რეიდით წაიღო მარცხენა ფლანგიდან ბურთი, ცენტრისკენ შეიწია და არაჩვეულებრივი დაგვირგვინებით ადგილობრივი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

გიორგი ამით არ დაკმაყოფილებულა და მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა - ერთ-ერთი შეტევისას თანაგუნდელმა საქმეში ის ჩართო, ზურგით მდგომმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კი შემობრუნებით უზუსტესად დაარტყა, რითაც „ფროზინონეს“ უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნა.

კვერნაძე მთავარმა მწვრთნელმა 73-ე წუთზე დასვენების მიზნით შეცვალა და ქომაგებისგან დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღო. ათბალიანი სისტემით მან 8.4 მეათედი დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება გახლდათ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ფროზინონეს“ 15 ტურში 31 ქულა აქვს დაგროვებული და „მონცასთან“ ერთად სატურნირო ცხრილის თანალიდერია. რაც შეეხება კვერნაძეს, მას აქამდე ერთი გოლი თასზე ჰქონდა გატანილი, სერია B-ში კი საგოლე აქტივი, თანაც ორი ბურთით სწორედ ამ მატჩში გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის ასისტების ჰეთ-თრიკი | სარაევომ დერბი მოიგო
გულიაშვილის ასისტების ჰეთ-თრიკი | სარაევომ დერბი მოიგო