ისტორია დაიწერა - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოსა და მთლიანად ქართული სპორტის ისტორია დაწერა - 25 წლის ძიუდოისტმა 57 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც პლანეტის პირველობაზე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ლიპარტელიანმა დამაჯერებელი და უმაღლესი ხარისხის ძიუდო აჩვენა - პლანეტის პირველობა მან მეთექვსმეტედფინალში კორეელი იუში კიმის ძლევით დაიწყო, რასაც მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შესაბამისად, რუსი დარია ყურბონმამადოვას, ფინელი პიჰლა სალონენისა და თურქმენი მაისა პარდაიევას იპონით დამარცხება მოჰყვა.
ეთერს აქამდე კარიერის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული, მსოფლიოს პირველობაზე კი ეს მისთვის პირველი მედალი გახლდათ. ასევე 2024-2025 წლებში ის თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა.
ცნობისათვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალ ჩვენი ქვეყნის სახელით სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვა - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი იასპარეზებენ, გოგონათა შორის კი ტატამიზე ეთერ ასკილაშვილი გავა.