საგანგებო შეხვედრა | რეალმა შესაძლოა ჩაბი ალონსო გაუშვას
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს შესაძლოა პოსტის დატოვება მოუწიოს. ამ ინფორმაციას El Mundo ავრცელებს და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბოლო ცნობებს გვიზიარებს.
ესპანური გამოცემის მიხედვით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელებმა დღეს დილით საგანგებო შეხვედრა გამართეს. მათ კლუბის მდგომარეობასა და ალონსოს მომავალზე იმსჯელეს. მადრიდელებს გადაწყეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართი მატჩის შემდეგ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.
El Mundo-ს ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელთა პოზიციები გაყოფილია — ნაწილი მის გაშვებას მხარს უჭერს, ნაწილი კი წინააღმდეგია. „ქალაქელებთან“ ჩანიშნული შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიაჩნიათ, რომ ეს ალონსოსთვის უკანასკნელი შანსია, რათა საკუთარი პოზიცია შეინარჩუნოს.
El Mundo-ს პარალელურად, 44 წლის სპეციალისტზე Marca-ც წერს. ესპანური გამოცემის მიხედვით, „რეალი“ იდენტობის გარეშე დარჩენილი გუნდია და ალონსო „გამოკეტილია“ საკუთარ იდეებსა და რეალობას შორის, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს და ჩაბი საკუთარ ტაქტიკაზე მეტად, გასახდელში შექმნილ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში „რეალი“ „სელტას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მადრიდელებს 36 ქულა დარჩათ და ლიდერ „ბარსელონას“ უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან.