ვეტერან მოჭიდავეთა ტრიუმფი - 10 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან
უნგრეთის ქალაქ ტატაბანიაში გამართული ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა სხვადასხვა კატეგორიებში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც უდავოდ დიდი წარმატება და აღსანიშნავი შედეგია.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გელა პაპაშვილმა (62 კგ), გოგა გოგიბერიშვილმა (70 კგ) და აკაკი ჩაჩუამ (78 კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოიპოვეს, ხოლო გოჩა კირკიტაძე (62 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე თავისუფალ ჭიდაობაში ავიდა. ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბ წიქარიძესა (100 კგ) და დავით ტყეშელაშვილს (130 კგ), ხოლო მალხაზ გოგოლაძე (62 კგ), მამუკა ხემშიაშვილი (70 კგ) და ზაზა შავაძე (130 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ. საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა ასევე თემურ მელიტაშვილმაც (88 კგ), რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში გამოდიოდა.
როგორც ხედავთ, 10 მედლიდან საქართველომ 8 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოიპოვა და ოთხი ჩემპიონიდან სამი მათგანი ოქროს მედალს სწორედ ამ დისციპლინაში დაეუფლა.