23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა ოქროს გარეშე დაასრულეს
სერბეთში, 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენს დელეგაციას ორი ოქროს მედლის მოგება შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინალში გასული ორივე ქართველი მოჭიდავე დამარცხდა.
82 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, თორნიკე მიქელაძე ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ ელმინ ალიევთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
მეორე მოჭიდავე, რომელსაც ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო, 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი კოჩალიძე იყო, თუმცა, ახალგაზრდა ფალავანმა თავისი ბრძოლა სომეხ სურენ არაიანთან დათმო.
თორნიკე მიქელაძისა და გიორგი კოჩალიძის გარდა, ევროპის ჩემპიონატზე მედლები კობა ქარუმიძემ და თემურ ორჯონიკიძემ მოიპოვეს. ორივე მათგანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.