ქოჩორაშვილი ცვლილებაზე შევიდა - სპორტინგი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა
გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ ითამაშა და თუ რამდენიმე დღის წინ AFS-სთან ძირითად შემადგენლობაში იყო და საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიეცა, ამჯერად რუი ბორჟესმა ის მხოლოდ მატჩის ბოლოს, 86-ე წუთზე შეიყვანა ცვლილებაზე და სამწუხაროდ, გიორგიმ ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
გარდა იმისა, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, საწყენი კიდევ ერთი ფაქტია - ქოჩორაშვილის შესვლის მომენტში „სპორტინგი“ 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ტონდელას“ 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა კომპენსირებულ დროში ორი ბურთი გაუშვა და ძვირფას ქულებთან ერთად, ჩემპიონობისთვის ბოლომდე ბრძოლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. საბედნიეროდ, გიორგის არც ერთ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. მოედანზე გატარებულ 11 წუთში ქოჩორაშვილი ბურთს 10-ჯერ შეეხო, 3-ჯერ დაკარგა და 7-დან 5 ზუსტი პასი გააკეთა.
ცნობისათვის, 31 ტურში დაგროვებული73 ქულით „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 9 ქულით ჩამორჩება.