13 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - მოჭიდავეების ტრიუმფი
ხორვატიის ქალაქ პორეცში გამართული ვალამარის თასის სახელწოდების მქონე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდე ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ქართველებმა საერთო ჯამში 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური ჩემპიონებიც გახდნენ.
საუკეთესო შედეგი გიორგი კოჩალიძემ (55 კგ), დიმიტრი ხაჩიძემ (63 კგ), ნიკოლოზ ბროლაძემ (72 კგ), დათა ჩხაიძემ (82 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (97 კგ) აჩვენეს. სხვათა შორის ამ ხუთი წონითი კატეგორიიდან სამში ქართული ფინალი შედგა და კოჩალიძემ - კობა ქარუმიძე, ბროლაძემ - ანრი თავართქილაძე, ხოლო ჩხაიძემ თორნიკე მიქელაძე დაამარცხა.
ქარუმიძის, თავართქილაძისა და მიქელაძის გარდა, ტურნირის ვიცე-ჩემპიონები რომეო ბერიძე და საბა ჩილაშვილი გახდნენ, რომლებიც 67 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ. რაც შეეხება ანრი ხოზრევანიძეს (72 კგ), თემურ ორჯონიკიძესა (77 კგ) და ლუკა გაბისონიას (130 კგ), მათი საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
ცნობისათვის, ვალამარის თასზე საქართველოს 23-წლამდე ნაკრები ათ წონით კატეგორიაში 14 სპორტსმენით ასპარეზობდა და მედლის გარეშე მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა.