„თუ რამეს მოინდომებს, ყველაფერს აღწევს“ - ჩემპიონმა ჩემპიონზე ისაუბრა
რამდენიმე კვირის წინ ვახტანგ ლოლუამ არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში უნიკალურ წარმატებას მიაღწია და 18 წლის ასაკში პლანეტის პირველობის გამარჯვებული გახდა. სანამ ვახო ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდა, უკანასკნელი სპორტსმენი, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული გახდა, ლერი აბულაძე იყო, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში ახალგაზრდა თანაგუნდელის თვისებების გარდა, თავის კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ლერი აბულაძე
ვახტანგ ლოლუამ ისეთი რაღაც გააკეთა, რაც არამხოლოდ ქართველს, არამედ მგონი მსოფლიო ჭიდაობის ისტორიაში არავის გაუკეთებია. შრომისმოყვარე, უნიჭიერესი, დისციპლინირებული და მიზანდასახული სპორტსმენია, რომელიც თუ რამეს მოინდომებს, ყველაფერს აღწევს და დანებება არ სჩვევია.
რაც შემეხება მე, უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მივაღწიე, რაც წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემებით იყო განპირობებული. აქედან გამომდინარე, უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ოლიმპიურ წონაში გადავიდე და 67 კილოგრამში ვიასპარეზო. ჩემი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშებზე ჭიდაობა და იქ უმაღლესი სინჯის მედლის მოგებაა.
ცნობისათვის, ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2023 წელს გახდა. გარდა ამისა, მას კარიერაში ორჯერ, 2022 და 2023 წლებში ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული.