რა უთხრა მსაჯს, რის გამოც გააძევეს | კარერასს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „რეალმა“ ქულები დაკარგა. ჩაბი ალონსოს გუნდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სელტას“ დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად 0:2 დამარცხდა. ვიგოელებმა ვილიოტ სვედბერგის დუბლით იმარჯვეს — მან 53-ე და 93-ე წუთებზე გაიტანა.
შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოვიდა და მთავარმა არბიტრმა, ალეხანდრო კინტერო გონსალესმა „რეალის“ სამი ფეხბურთელი გააძევა: ფრან გარსია, ენდრიკი (სათადარიგოთა სკამიდან) და ალვარო კარერასი. კარერასმა თავდაპირველად ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა რამდენიმე წამში კამათის გამო წითელი ბარათიც უჩვენეს.
Tiempo de Juego-ს ინფორმაციით, კარერასი გააძევეს იმიტომ, რომ მან მთავარ არბიტრს უთხრა: „საშინელი ხარ.“ „რეალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელს 2 მატჩის გამოტოვება ემუქრება, რადგან ლა ლიგის წესების მიხედვით, მსაჯის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა 2-თამაშიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.
ცნობისთვის, „ბლანკოსს“ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. მადრიდელები „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ელით.