მამუს ეფექტური ჩატენვები და 14 ქულა - ტორონტოს ზედიზედ მესამე მარცხი
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 113:121 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილს მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. მამუკელაშვილმა 1-დან 1 საჯარიმო, 8-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მისი ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებელი 60% იყო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე „სელტიკსის“ კალათბურთელი, ჯეილენ ბრაუნი გახდა, რომელმაც 39 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა, „რეპტორსიდან“ კი ბრენდონ ინგრამი გამოირჩა - 30 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი 35 წუთში.
„ტორონტო რეპტორსმა“ ასოციაციაში ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო. 25 სათამაშო დღის შემდეგ მამუკელაშვილის გუნდი 15 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი 10 დეკემბერს, საკუთარ კედლებში „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ ელის.