ბოლქვაძის ვერცხლი - მეორე მედალი მსოფლიოზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მედალი გელა ბოლქვაძემ მოუტანა. 30 წლის სპორტსმენმა, რომელიც 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ შეხვედრაში ირანელ გოლამრეზა ჯავად ფაროკჰისეინანთან 0-4 წააგო და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
ბოლქვაძემ პლანეტის პირველობა მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყო და სტარტზე უკრაინელი რუსლან აბდილიევი 6:1 დაამარცხა, რასაც რუს ადლეტ ტიულიუბაევთან დაძაბულ ბრძოლაში 5:4 მოგება მოჰყვა. ფინალის საგზური კი გელამ იაპონელ ტაიზო იოშიდასთან გამარჯვებით მოიპოვა, რომელსაც 8:3 აჯობა.
ცნობისათვის, დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ჩემპიონი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა გახდა, რომლის მეტოქეც ფინალში ასევე ირანელი მოჭიდავე იყო და 18 წლის ტალანტმა ფარზად აჰმად ბალიოტაკს 9:7 აჯობა.