„ამ ქამარს წურწუმიას საფლავზე ავიტან“ - ჩემპიონის პირველი კომენტარი
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გუშინდელი საშეჯიბრო დღე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათვის უზომოდ წარმატებული აღმოჩნდა. ათი წონითი კატეგორიიდან მედლები უკვე ოთხში გათამაშდა და ოთხი წონიდან ორის ფინალში საქართველოს წარმომადგენელი ჰყავდა. ვახტანგ ლოლუამ (55 კგ), რომელსაც 18 წელი გასულ ზაფხულს შეუსრულდა, ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და ქართული ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება გელა ბოლქვაძეს (82 კგ) მას ოქრომდე მცირედი დააკლდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა. ტურნირის დასრულების შემდეგ ორივე მათგანმა კომენტარი გააკეთა.
ვახტანგ ლოლუა
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან გახარებული ვარ. რადგან შრომა დამიფასდა. მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას და ჭიდაობის ყველა გულშემატკივარს. ფინალში ძლიერი მეტოქე შემხვდა, რომელმაც შეჯიბრებას წონის მთავარი ფავორიტი აზიზლი გამოთიშა. თუმცა, როდესაც გადამწყვეტი ბრძოლაა, ყველაფერი უნდა ჩადო საიმისოდ, რომ სამშობლოში გამარჯვებული ჩახვიდე. რას გავაკეთებ პირველს საქართველოში დაბრუნების შემდეგ? საჩემპიონო ქამარს ამ წონის მთავარი ფავორიტისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას საფლავზე ავიტან, რათა მისმა სულმა იქ გაიხაროს.
გელა ბოლქვაძე
მადლობა ყველას, ვინც ამ შედეგში წვლილი შეიტანა - ფედერაციას, მწვრთნელებს, ექიმებს, ქომაგებს, თანაგუნდელებს, რადგან ეს საერთო შრომის შედეგი იყო. მადლობა ღმერთს, უკეთესიც შეიძლებოდა, თუმცა მცირედი დამაკლდა ოქრომდე. ვულოცავ ვახტანგ ლოლუას და ვეცდები მომავალში შედეგი გამოვასწორო.
ცნობისათვის, დღეს მსოფლიოს ჩემპიონატში კიდევ სამი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ) ჩაერთვება. ბრინჯაოს მედლისთვის კი ამირან შავაძე (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) იბრძოლებენ.