„საოცარი მომენტი, საოცარი ჩემპიონი“ | IJF-ი ეთერ ლიპარტელიანზე წერს
ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოს ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეთოს ტრიუმფი და ფენომენალური ასპარეზობა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, IJF-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ქართველი ჯუდოკას წარმატებაზე დღის შეჯამებაში ისაუბრა.
„-57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, მომო ტამაოკი ეთერ ლიპარტელიანს დაუპირისპირდა. 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე, ორი მეხუთე ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე და უმედლო მსოფლიო ჩემპიონატი. ყოველ შემთხვევაში 2019 წლის იუნიორების მსოფლიოს შემდეგ. ლიპარტელიანი ტატამიზე მიზნის მისაღწევად გავიდა და მალევე, ვაზარი მიითვალა, თუმცა, კინაღამ მეტოქეს გამარჯვების საშუალება მისცა და ტამაოკის მოგებამდე სანტიმეტრები დააკლდა.
იაპონელმა ჯუდოკამ ლიპარტელიანის შეტევებს გასაღები ვერ მოუძებნა და ეთოს დიდი ხანი არ დასჭირვებია, რომ მეორე ვაზარი გაეფორმებინა და საქართველოს ისტორია დაეწერა. ის ქალთა შორის, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია. ლიპარტელიანი პირველივე რაუნდიდან შესანიშნავი იყო და ახლა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს. საოცარი მომენტი და საოცარი ჩემპიონი“, - აცხადებს IJF-ი.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ჯუდოკაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო. ეთომდე ტატამიზე გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ნინო ლოლაძე ვიხილეთ.