შავდათუაშვილმა პარიზში ვერ იჭიდავა - მიზეზი უკვე ცნობილია
პარიზის გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ორ წონით კატეგორიაში ოთხ ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა, თუმცა ტატამიზე მხოლოდ სამი მათგანი გავიდა. ერთი კი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის დელეგაცია განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა, შეჯიბრებიდან ჩაეხსნა. საუბარია ლაშა შავდათუაშვილზე (73 კგ), რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო აწონვებზეც ვერ გამოცხადდა.
შავდათუაშვილის წონაში კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჩიხელიძე ასპარეზობდა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ესპანელ ანტონ შუჰალიევთან დამარცხდა. რაც შეეხება 66 კილოგრამ წონით კატეგორიას, ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე ბრძოლაში ბრიტანელ ჩარლი იუნგთან წააგო, ხოლო თორნიკე გიგაური ჰონკ-კონგელი და ჩინელი მოწინააღმდეგეების ძლევის შემდეგ, მერვედფინალში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ რუსლან პაშაევთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ექვსი ძიუდოისტი, კოტე კაპანაძე (81 კგ), ზაურ დვალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (-100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გამოვა.