ათაბეგაშვილი: „ეთერმა ქართულ ქალთა ძიუდოს ახალ ეპოქას საფუძველი დაუდო“
პარიზის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა უმედლოდ დაასრულეს, თუმცა გუშინდელი დღე ქართული ძიუდოსთვის უდავოდ ისტორიული გახლდათ. სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელა, რომელმაც კიდევ ერთ, „წლის მომენტის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. პრიზის გარეშე არც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დარჩენილა და როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდების დამრიგებლები, ლაშა გუჯეჯიანი და გია თენაძე გამოარჩიეს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა საკმაოდ საინტერესო შეფასებები გააკეთა.
გიორგი ათაბეგაშვილი
ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დაასახელა. მან ყოველწლიური გლობალური გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო, რაც მის სპორტულ ლიდერობასა და საერთაშორისო ავტორიტეტს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ტრავმები, ხანგრძლივი აღდგენის პერიოდები, მუდმივი კონკურენცია მსოფლიო ელიტასთან და მაღალი მოლოდინები — ეს ყველაფერი იყო ის უხილავი ბარიერები, რომლებიც ეთერმა დისციპლინითა და შიდა სიმტკიცით გადალახა. სწორედ ამ პროცესმა ჩამოაყალიბა ის ლიდერად, რომელიც დღეს საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ IJF-ის წლის ნომინაციაში ეთერმა აჯობა ისეთ ძლიერ კონკურენტს, როგორიცაა იაპონელი უტა აბე, რომელიც წლების განმავლობაში ქალთა ძიუდოში უმაღლეს სტანდარტად ითვლება. ეს გამარჯვება ადასტურებს, რომ მსოფლიო ძიუდოს ძალთა ბალანსი იცვლება და საქართველო ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია.
განსაკუთრებულად ფასეულია ბუდაპეშტში მოპოვებული ისტორიული ოქრო, რომელმაც ეთერი აქცია საქართველოს პირველ ქალ მსოფლიო ჩემპიონად ძიუდოში. ეს გამარჯვება არა მხოლოდ მედალია — ეს არის სტრატეგიული გარდატეხა, რომელმაც ქართულ ქალთა ძიუდოს ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი.
ეს შედეგი არის შრომის, დისციპლინისა და ფედერაციის მმართველი გუნდის მხრიდან ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციებზე დაფუძნებული ხედვის ლოგიკური კულმინაცია. მშვიდად, თავდაჯერებით და ისტორიის პატივისცემით საქართველო აგრძელებს გამარჯვებების წერას.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზის გრანდ სლემზე მედალი ვერ მოვიპოვეთ, შედეგი ობიექტურ კონტექსტში უნდა შეფასდეს. ტურნირზე პირველი ნომრები არ მონაწილეობდნენ, თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე მათგანს, რაც საშუალებას გვაძლევდა, ძირითადად როტაციასა და ტაქტიკურ ნაწილზე გვემუშავა.
გუნდი გეგმიურად ემზადება საკვანძო ჩემპიონატებისთვის, ხოლო ლიდერების დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საერთო კონკურენტუნარიანობას. სტრატეგია კი უცვლელია — პიკი მთავარ შეჯიბრებებზე და არა შუალედურ ეტაპებზე.
ვულოცავ ლაშა გუჯეჯიანსა და მისი გუნდის წევრებს გუშინდელ აღიარებას - სამწვრთნელო შტაბის ყოველდღიური, ხშირად უხილავი შრომა, დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა, სპორტსმენებთან ინდივიდუალური მიდგომა და მაღალი პროფესიული ეთიკა იქცა იმ საფუძვლად, რომელზეც აშენდა საქართველოს ნაკრების საერთაშორისო წარმატებები. პროფესიონალიზმი, ქვეყნის ერთგულება და პასუხისმგებლობა არის ის ღერძი, რაზეც ჩვენმა გუნდმა გამარჯვება პროცესის ლოგიკურ დასასრულად აქცია.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრება მოიგო.