თავდაპირველად ტკივილი ძლიერი არ იყო | რა თქვამ კიტემ ტრავმაზე
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ტიროლმა შინ გრაცის შტურმს 1:0 მოუგო. მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში შტურმმა 19-დან 8 მატჩი დათმო, ბოლო ხუთი შეხვედრიდან სამი წააგო, 31 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ზალცბურგს 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზალცბურგი ამ ტურის მატჩს ხვალ ჩაატარებს.
ოთარ კიტეიშვილი სასტარტო 11-ში იყო, თუმცა ტრავმის გამო პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე შეცვალეს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მძიმეა დაზიანება და მოუწევს თუ არა მატჩის ან მატჩების გამოტოვება.
Kicker-მა კიტეიშვილის შესახებ დაწერა: „შემოქმედებით ნაწილში არსებული კრიზისის ფონზე შტურმის ბანაკში ოთარ კიტეიშვილის გამოკვლევის შედეგებს დიდი მღელვარებით ელიან. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ფლეიმეიქერმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა, მას ბარძაყის კუნთმა შეაწუხა. თავად ქართველი ფეხბურთელის თქმით, თავდაპირველად ტკივილი ძლიერი არ იყო, თუმცა შემდეგ გაძლიერდა. 29 წლის ფეხბურთელის გამოკლება, რომელსაც ინსბრუკში თამაში მარცხენა ფლანგიდან უნდა ედირიჟორა, მოქმედი ჩემპიონისთვის მძიმე დარტყმა იქნება.“
ტიროლმა გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში, 79-ე წუთზე გაიტანა.
შტურმის სათადარიგოთა სკამზე გიზი მამაგეიშვილი იჯდა, არ უთამაშია. გიზის დებიუტი ბუნდესლიგის წინა ტურში რიდთან შედგა, 77-ე წუთზე გამოვიდა მინდორზე.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში, საკლუბო დონეზე გამართულ 28 შეხვედრაში (ჯამში 2 171 წუთი) 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შიდა ჩემპიონატში ქართველი ნახევარმცველი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 8 გატანილი გოლით (8-დან 3 პენალტია). 16 მატჩში მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა. ევროპა ლიგის შვიდ შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც შეეხება ავსტრიის თასს, სამ მატჩში ერთი გოლით დაეხმარა გუნდს.