მიქაუტაძის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა | ვილიარეალის მარცხი ხეტაფესთან
ლა ლიგის 24-ე ტურში „ვილიარეალი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავს, „ხეტაფეს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
41-ე წუთზე მაურო არამბარიმ გახსნა ანგარიში, 53-ეზე კი მარტინ სატრიანომ „ხეტაფეს“ უპირატესობა გაზარდა. მიქაუტაძე სათადარიგო იყო და თამაშში მხოლოდ 65-ე წუთზე ჩაერთო, 76-ეზე კი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა Sofascore-ისგან 7.1-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 2 დარტყმა კარში, 13 შეხება ბურთთან, 2 წარმატებული დრიბლინგი, 7-დან 4 ზუსტი პასი (57%), 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა და 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
45 ქულით „ვილიარეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს მიქაუტაძის გუნდი 18 თებერვალს, სტუმრად, „ლევანტეს“ წინააღმდეგ გამართავს.