ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მილევსკი: ჯგუფში ძალიან გაგვიჭირდება, ქართველებს დიდი პოტენციალი აქვთ

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, არტიომ მილევსკიმ, ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ, თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა.

„უკრაინის ნაკრებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდება. ერთა ლიგაში საკმაოდ უხერხული ჯგუფი შეგვხვდა. საქართველო კვარაცხელიასთან ერთად ბოლო დროს დამაჯერებლად გამოდის, მარტო ევრო-2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვება რად ღირს. ქართველების ახალგაზრდა თაობას კარგი პოტენციალი აქვს. საქართველოში თამაში რთული იქნება ტრიბუნების კოლოსალური მხარდაჭერის გამო.

ჩრდილოეთ ირლანდიაში საერთოდ თითქმის 100 კმ/სთ სიჩქარის ქარები ქრის. არც მათი გუნდია საჩუქარი, ამიტომ იოლი არ იქნება, განსაკუთრებით სტუმრად. ირლანდიელები „ხეები“ (უხეში მოთამაშეები) არიან. სობოსლაი და კომპანია საშინაო შეხვედრებს ასევე სავსე ტრიბუნების წინაშე ატარებენ. უნგრელები სტუმრადაც შეიძლება იყვნენ სახიფათონი, თუნდაც პორტუგალიასთან ფრე ითამაშეს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდი ერთ დონეზეა. უკრაინის ნაკრებმა შეიძლება როგორც პირველი, ისე ბოლო ადგილი დაიკავოს. ვნახოთ, ვუგულშემატკივრებთ, თუმცა უფრო იოლი ჯგუფიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა“,

– განაცხადა მილევსკიმ გამოცემა „უკრაინულ ფეხბურთთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონს 25 სექტემბერს, უნგრეთთან გასვლითი მატჩით იწყებს. საქართველო კი ამავე დღეს ჩრდ. ირლანდიას უმასპინძლებს. 28 სექტემბერს კი თბილისში საქართველო უკრაინის მატჩი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები