კურდღელიას ტრიუმფი რომში - გოგონებმა სამი მედალი მოიპოვეს
იტალიის დედაქალაქ რომში გამართული კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშება ქართველმა გოგონებმა სამი მედლით დაასრულეს. გარდა დაფიქსირებული მაღალი შედეგებისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამივე მათგანმა უმაღლესი ხარისხის ჭიდაობა აჩვენა და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯნენ, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია.
საუკეთესო შედეგი 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვაჩვენეთ, სადაც ელენე კურდღელია ყველა კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იდგა, ხოლო ფინალში ჩეხი ვანესა კარაფოვა იპონით დაამარცხა. საინტერესოა და საამაყოა ის ფაქტი, რომ კურდღელიამ გადამწყვეტ შეხვედრამდე გამართული ოთხივე ბრძოლა სუფთა გდებით დაასრულა და მეტოქეებს მცირე შანსიც კი არ მისცა.
ცნობისათვის, კურდღელიას გარდა რომში საქართველოს სახელით მედალი თინათინ გულბანმა და სოფიო თათრიშვილმა მოიპოვეს, რომლებიც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.