ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და არ დანებდა - ეთერ ლიპარტელიანის გზა მწვერვალამდე

ეთერი ლიპარტელიანმა 2025 წელი ტრიუმფალურად დაასრულა - 57 კგ წონით კატეგორიაში ის რეიტინგში პირველ პოზიციაზეა და როგორც ვაჟებს, ასევე ქალებს შორის, ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც თავისი წონის ლიდერია. მისი მწვერვალზე აღზევება ერთ დღეში არ მომხდარა და წარმატებებს წინ უდიდესი შრომა უძღვოდა.

26 წლის ძიუდოისტმა მიღწეულ წარმატებაზე ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა: „2025 მხოლოდ ტიტულების მოგების წელი არ იყო, არამედ ეს გახლდათ პატივისცემის წელი იმ გზის მიმართ, ყოველი დილის, ყოველი წარუმატებლობის, ყოველი მომენტის მიმართ, რომლის გავლის შემდეგაც დანებება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. მსოფლიო ჩემპიონობამ მაჩვენა, რომ მოთმინება, რწმენა და თანმიმდევრულობა ყოველთვის ფასდება“.

ეთერი როგორც საქართველოს სპორტის სამინისტრომ, ასევე ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო ქართველ ქალ სპორტსმენად დაასახელა.მოგზაურობა, რომელიც წლებით იზომება და არა მომენტებით. ეს რწმენა მას უმაღლეს დონეზე თითქმის ათწლეულის განმავლობაში ჩამოუყალიბდა. 2016 წელს კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის მოგებიდან ცხრა წლის შემდეგ უფროსებს შორის მსოფლიო ტიტულის მოპოვებამდე, ამ მოგზაურობას მოთმინება და პროცესისადმი რწმენა სჭირდებოდა. ლიპარტელიანი ამბობს: „ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამ უმაღლეს დონეზე გატარებულ ყოველ წელს აზრი შესძინა. ამან დაამტკიცა, რომ გრძელვადიანი ერთგულება და პროცესისადმი რწმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნიჭი“.

დროთა განმავლობაში, ტრანსფორმაცია მოხდა როგორც შინაგანად, ასევე ტექნიკურად. პლანეტის პირველობის მოგების შემდეგ კი ეთერი აცხადებს: „მე უფრო მშვიდი, უფრო ყურადღებიანი და უფრო პასუხისმგებლიანი გავხდი. არა მხოლოდ როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც ადამიანი. დღეს მესმის, რომ ნამდვილი ძალა შიგნიდან მოდის“. არ ყოფილა განსაკუთრებული მომენტი, როდესაც მან მოულოდნელად იგრძნო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი უნდა მოეგო. „არც ერთი მომენტი არ ყოფილა. ჩემი რწმენა ეტაპობრივად იზრდებოდა, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, რომ მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობის აღებაზე“.

სიმშვიდე, რომელზეც ის დღეს საუბრობს, გაჭირვების ფონზე იპოვა. მის კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი ოლიმპიადაზე დამარცხების შემდეგ დადგა, მომენტი, რომელმაც ღრმად შეარყია მისი თავდაჯერებულობა. „ვგრძნობდი, რომ ამ მედლისთვის იმდენი რამ გავეცი და გავწირე, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ერთი პერიოდი სერიოზულად ვფიქრობდი კარიერის დასრულებაზე“.

დანებების ნაცვლად, მან გადაწყვიტა ებრძოლა: „სწორედ იმ მომენტში ვისწავლე დისციპლინა, მოთმინება და შინაგანი განკურნების გზები“. ამ გამოცდილებამ შეცვალა მისი შეხედულებები და კიდევ უფრო გაამყარა მოთმინების მნიშვნელობის გაგება. „არასდროს ვაჩქარებდი ჩემს პროგრესს“ - დასძენს ლიპარტელიანი. „ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი დრო მოვიდოდა“.

ყველა აღნიშნავს, რომ ქალებს შორის 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში უდიდესი კონკურენცია სუფევს, რასაც ხაზს ლიპარტელიანიც უსვამს:„ეს კატეგორია უკიდურესად კონკურენტუნარიანია. აქ ბევრი ძლიერი სპორტსმენია და მე პატივს ვცემ ყველა ჩემს მოწინააღმდეგეს. თითოეული მათგანი ჩემთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ეს მაძლევს მუდმივად გაუმჯობესებისკენ სწრაფვის საშუალებას“.

კონკრეტულ მოწინააღმდეგეებზე ფოკუსირების ნაცვლად, ის უფრო მარტივ მიდგომას ამჯობინებს. „მე ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ გუშინდელზე უკეთესი ვიყო. ყველაფერი მაღალი სიჩქარით ხდება - ფიზიკურად, ტექნიკურად და გონებრივად. მცირე დეტალებს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მუდმივად ვმუშაობ ჩემი ძიუდოს ადაპტირებაზე, ტაქტიკის გაუმჯობესებაზე და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივად განვითარებაზე“.

მაღალ დონეზე შეჯიბრებებმა წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა მისი სტილი. „ჩემი ბრძოლის სტილი ნამდვილად განვითარდა. სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან შეჯიბრებამ მაიძულა ადაპტირება და უფრო მრავალმხრივი გავმხდარიყავი. დღეს ჩემი ძიუდო უფრო დახვეწილი და კონტროლირებადი გახდა.“

ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე წონით კატეგორიაში დარჩენა ყოველდღიურ დისციპლინას მოითხოვს. „ეს, რა თქმა უნდა, რთულია. ის მოითხოვს ბალანსს, დისციპლინას და თქვენი სხეულის ღრმა გაგებას. საქმე მხოლოდ წონის დაკლებას არ ეხება, არამედ თქვენი ცხოვრების წესის ყოველდღიურ მართვას.“

ასაკის მატებასთან ერთად, მისი პრიორიტეტები შეიცვალა. „ჩემი მიდგომა მკვეთრად შეიცვალა. დღეს ჩემი პრიორიტეტი ჯანმრთელობა და გრძელვადიანი შედეგებია და არა მოკლევადიანი. ახალგაზრდა ძიუდოისტებს ვეტყოდი, არასოდეს აჩქარდეთ, პატივი ეცით პროცესს, მოუსმინეთ საკუთარ თავს და ფოკუსირდით გრძელვადიან განვითარებაზე და არა სწრაფ წარმატებაზე.“

ტატამს მიღმა ემოციური სტაბილურობა მისი წარმატების ქვაკუთხედი გახდა. ასევე ძიუდოისტ თემურ ნოზაძესთან ქორწინებამ დადებითი როლი ითამაშა. „მან ჩემს ცხოვრებაში მეტი ემოციური სტაბილურობა შემოიტანა. დამეხმარა ბალანსისა და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში, რაც უმაღლეს დონეზე უმნიშვნელოვანესია. მყავს შესანიშნავი ქმარი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა და ყველაფრისთვის მზად ვარ.“

როგორც საქართველოს პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, ლიპარტელიანი ესმის თავისი წარმატების უფრო ფართო მნიშვნელობა. „ეს უდიდესი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ვამაყობ, მაგრამ ასევე მოტივირებული ვარ, გავუღო კარი გოგონების მომავალ თაობას საქართველოში“. 

წარმატებამ მას სახლში გაზრდილი ყურადღება და მოლოდინები მოუტანა. „მოლოდინები გაიზარდა, მაგრამ მე ამას უფრო მოტივაციად აღვიქვამ. ჩემს გუნდთან და ოჯახთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა“.

მისი გზავნილი ახალგაზრდა ქალებისთვის მარტივი და ძლიერია: „გჯეროდეთ საკუთარი თავის, მაშინაც კი, როცა სხვები ამას არ ფიქრობენ. იოცნებეთ, იშრომეთ და არასოდეს მისცეთ შიშს უფლება, ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების მიღწევაში“.

ცნობისათვის, მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, ეთერ ლიპარტელიანს ორჯერ, 2024 და 2025 წლებში თბილისის გრანდ სლემი აქვს მოგებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის ბოლო ტურნირი - ძიუდოში ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს
წლის ბოლო ტურნირი - ძიუდოში ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს