„მაისურაძე არაჩვეულებრივია, მაგრამ ბექაური სულ სხვა ფენომენია“ - ხაბარელმა 2025 წელი შეაჯამა
2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა იშვიათი შემთხვევა და მამაკაცთა შორის ქართველმა ძიუდოისტებმა პლანეტის პირველობა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს. თუმცა, სამაგიეროდ, ეთერ ლიპარტელიანმა იყოჩაღა და გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონი. გარდა ამისა, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ტრიუმფატორი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ, მსოფლიოს პირველობაზე კი პირველად გახდა და იაპონელების ჰეგემონია დაასრულა. სპორტის ამ სახეობაში ლეგენდარულმა ქართველმა ჯერ ძიუდოისტმა, შემდეგ კი მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა Crystalsport-თან საუბრისას, 2025 წელი შეაჯამა და თითოეულ წონით კატეგორიაში სპორტსმენების გამოსვლა საინტერესოდ შეაფასა.
შოთა ხაბარელი
ძალიან საინტერესო წელი გვქონდა. საერთო ჯამში 2025 კარგი გამოვიდა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყავდა, თუმცა ეთერ ლიპარტელიანმა ეს დანაკლისი გარკვეულწილად შეგვივსო და ნამდვილი სასწაული მოახდინა. მთავარი იცით რა არის, დინამიკა მიდის, არ არის სტაგნაცია და უკან არ მიდის საქმეები. ძალიან კარგი წელი ჰქონდა ქართულ ძიუდოს და მომავალი უკეთესი გვექნება, რადგან ვაკვირდები ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებსაც და ჰარმონიულად ვითარდება ყველაფერი.
60 კილოგრამში გიორგი სარდალაშვილთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ მას ყველაფერი წინ აქვს. შესაძლებლობაც გააჩნია და მონაცემებიც რომ მოუმატოს. გასულ წელს ისეთი შედეგები ვერ დადო, როგორსაც ველოდებოდით. ახლა დაქორწინდა, ოჯახი შექმნა, რაც ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად მობილიზებული იჭიდავებს.
რაც შეეხება 66 კილოგრამს, აქ ცოტა პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მას ბოლო პერიოდში აქვს, სიმართლე გითხრათ, ვაჟა მარგველაშვილს ვეღარ ვცნობ. სერიოზული უკუსვლა აქვს, თუმცა ძიუდო ისეთია, რომ შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს ამა თუ იმ წონაში და უცბად გამოჩნდეს ისეთი, რომელიც თუნდაც მარგველაშვილს შეცვლის.
იგივე შემიძლია გითხრათ 73 კილოგრამზეც - ლაშა შავდათუაშვილი ლეგენდა და სამაგალითო ადამიანია. ეს ისეთი წონითი კატეგორიაა, იშვიათად რომელიმე ძიუდოისტმა ამდენი ხანი ზენიტში გაძლოს. მუდამ შემართულია და არ თმობს პოზიციებს, მაგრამ ბოლო დროს მაინცდამაინც კარგი შედეგები არ აქვს. თუმცა, მართალია მხოლოდ მეხუთე ადგილი აიღო, მაგრამ იაპონიის ტურნირზე მომეწონა და არ არის ჩამოსაწერი, ისევ გვჭირდება, რადგან ბახბახაშვილის და ტერაშვილისნაირი ახალგაზრდები ლაშას გვერდით უნდა გაიზარდონ.
ტატო გრიგალაშვილის ანალოგი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, არ მოიძებნება. მერწმუნეთ, ტიმურ არბუზოვთან დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებს, გაისად ისევ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი და 2028-ში ოლიმპიადასაც მოიგებს. იმიტომ, რომ ყველაფერი აქვს მას - ტექნიკა, ტაქტიკა და ყველაზე მთავარი რაც არის, მან შეიძინა მეტოქეების შესწავლის დიდი გამოცდილება და სტრატეგიულად შეუძლია ისე წარმართოს ყველაფერი, რომ მოწინააღმდეგეებს შანსი არ დაუტოვოს.
90 კილოგრამი ეს ჩვენი, ქართველების წონაა. წარსულს რომ გადავხედოთ, აქ იყვნენ ზურაბ ზვიადაური, ირაკლი ცირეკიძე, ვარლამ ლიპარტელიანი. ახლა კი გვყავს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ჩემპიონი და არაჩვეულებრივი სპორტსმენია, მაგრამ მე უპირატესობას ბექაურს მივანიჭებდი, რომელიც ამოუცნობი ფენომენია. მას საერთოდ სხვა რაღაც აქვს, შემართული გადის და უზომოდ შრომისმოყვარეა. ლაშას შემთხვევით არ უთქვამს, რომ ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას აპირებს და მჯერა, რომ მიაღწევს.
ილია სულამანიძეზე სიტყვები არ მყოფნის - ის არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ძიუდოში მოვლენაა. ახალგაზრდა ასაკში ისეთი პროგრესი განიცადა, ოლიმპიადაზე ნახეთ რაც მოხდა - ყველას მოუგო და ბოლოს ფინალში თავის თავსაც მოუგო. დიახ, ის არავის დაუმარცხებია, თავის თავთან დამარცხდა. კანიკოვსკი, რუსი ძიუდოისტი სუსტი მეტოქე არ გეგონოთ და ამ დროს ილიას ის ხუთჯერ ჰყავს დამარცხებული.
რაც შეეხება მძიმე წონას, აქ უმაღლესი დონის ძიუდოისტი ყოველთვის გვყავდა - შოთა ჩოჩიშვილი, ჯიბილო ნიჟარაძე, გივი ონაშვილი და სხვები, მაგრამ გურამ თუშიშვილმა სულ სხვანაირი სტილი გვაჩვენა და სულ სხვანაირი ფორმით შემოვიდა მძიმე წონაში. ნამდვილი ქართული ჩამოსხმული სხეული აქვს და ხედავთ, ზედმეტი კილოგრამების მქონე მეტოქეებს რა დღეში აგდებს. ერთი სიტყვით, მე დარწმუნებული ვარ, რომ გურამი ბევრ სასიამოვნო სიურპრიზებს მოგვიმზადებს.
ცნობისათვის, შოთა ხაბარელმა ოლიმპიური ჩემპიონობა როგორც ძიუდოისტის, ასევე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოიპოვა - 1980 წელს მოსკოვში მან წარმატებას ტატამიზე მიაღწია, ხოლო 2004 წელს ზურაბ ზვიადაურმა დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მისი ხელმძღვანელობით მოუტანა.