რომის მასტერსი | ბასილაშვილმა ATP რეიტინგის მე-6 ნომერს მოუგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის 1/32-ფინალში ATP რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი სამ სეტში 6:4 6:7 6:3 დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი დიდებულად დაიწყო და მე-5 გეიმში ბრეიკი შეასრულა. იგივე გაიმეორა მე-7 გეიმშიც, თუმცა უმალ-უკუბრეიკი მიიღო, მაგრამ ამას სეტის მოგებაში ხელი არ შეუშლია.
მეორე სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე დიდებულად გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამისა, ბასილაშვილს მე-11 გეიმში ფარული მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოყენა.
ტაი-ბრეიკი ნიკოლოზმა კარგად დაიწყო და მინი-ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ამერიკელი ოდნავ უკეთესი იყო და 7:5 მოიგო.
მესამე სეტში ნიკოლოზი დომინირებდა და შელტონის 2 ჩაწოდება აიღო. ორი ბრეიკი და მოგებული მატჩი, რომელიც 2 საათი და 20 წუთი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ნიკოლოზმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი გასული წლის უიმბლდონზე დაამარცხა. ბასილაშვილმა მუზეტის აჯობა. რომის მასტერსის 1/16-ფინალში ქართველი ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.