რუსებს და ბელარუსს მოუგო - გულიაშვილის ოქროს მედალი
საქართველოს დედაქალაქში გამართული თბილისის კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშებაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეჯიბრებაში 17 ქვეყნის 362 სპორტსმენი მონაწილეობდა და შესაბამისად თითოეულ წონით კატეგორიაში საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო.
ქართველი ძიუდოისტებიდან ჩემპიონის ტიტული მხოლოდ მარიამ გულიაშვილმა მოიპოვა, რომელიც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ის შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ყაზახ არუჟან ჟანტურლიევას აჯობა, რასაც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში რუსი ეკატერინა კარაბახინასა და ბელარუსი ალისია ჟარსკაიას ძლევა მოჰყვა. ფინალში კი გულიაშვილმა კიდევ ერთ რუს მოწინააღმდეგეს, ანასტასია რომანოვიჩს მოუგო.
ჩემპიონობასთან ახლოს იყვნენ ნატალი იაშვილი (48 კგ), ელენე კურდღელია (70 კგ), ვალერი ლაცაბიძე (90 კგ) და თემურ რობაქიძე (+90 კგ), თუმცა ისინი ფინალურ ბრძოლებში დამარცხდნენ. ნიკოლოზ მელაძემ (50 კგ), გოგა სვიმონიშვილმა (55 კგ), ვატო მორბედაძემ (66 კგ), სალომე მერკვილაძემ (52 კგ), გიორგი მჭედლიშვილმა (73 კგ), ლიზი სიმონიამ (57 კგ), ბარბარე ფხაკაძემ (70 კგ), ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ) და მაია ღვალაძემ (+70 კგ) კი, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.