კვარა საოცარი იყო | ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი შეაქო
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში პსჟ ბრესტს მიიღებს. მატჩისწინა დღეს ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის შეტევითი ეფექტიანობის შესახებ საუბრისას მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
ლუის ენრიკე თავისი გუნდის შეტევითი ეფექტურობის შესახებ: "ჩვენ ჩვეულ სამუშაოს ვასრულებთ. როდესაც ვხედავთ ნახევარმცველების, ფლანგის მცველების მუშაობას... კვარა საოცარი იყო, დემბელე, დუე... ყოველ კვირას ვცდილობთ, რომ მსგავსი სიტუაციები შევქმნათ."
ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშისგან განსხვავებით ხვიჩა ლიგა 1-ში ნაკლებად პროდუქტიულია, 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში 24 ფეხბურთელი უსწრებს. 7 გოლის გარდა 4 საგოლე პასი შეასრულა, საგოლე პასების რაოდენობით მასზე წინ 32 მოთამაშეა. ლიგა 1-სგან განსხვავებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში საოცრად თამაშობს და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ყველაზე რეალური კანდიდატია, 15 მატჩში 16 საგოლე მოქმედება აქვს, 10 გოლი და 6 საგოლე პასი. კვარა პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ფლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
კითხვაზე, თუ როგორ აღიდგინა გუნდმა მენტალურად ძალები, ენრიკეს პასუხი ასეთია: "ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის მენტალურად 100%-ით მზად უნდა იყო. ხვალ დიდი მოტივაცია იქნება. ჩვენ ბოლო მატჩს ვთამაშობთ "პარკ დე პრენსზე". ასევე იქნება ბრესტის მოთამაშეების მოტივაციაც, რომლებსაც აღარაფერი აქვთ მოსაგები და დასაკარგი. ჩვენ კი ჩემპიონატის მოგებას ვცდილობთ."
ლიგა 1-ის 33-ე ტურში, 10 მაისს პსჟ ბრესტს მიიღებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.