სამი მედალოსანი ერთ წონაში - ევროპის თასი ძიუდოში
თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის თასის ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 27 ქვეყნის 502 სპორტსმენი ასპარეზობდა. ბუნებრივია, შეჯიბრებაში ჭიდაობდნენ ქართველი ძიუდოისტებიც, რომელთაც 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 100 კილოგრამი წონით კატეგორია, სადაც გიორგი ბენდელიანი - ვერცხლის, ხოლო დავით პაპუკიშვილი და ნიკოლოზ ზაალიშვილი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. ბენდელიანმა ფინალამდე იაპონელ რიოტო საკაის, აზერბაიჯანელ ემინ შირნოვს, გერმანელ დანილ სპირიდონოვსა და რუს აპტი უტსიევს აჯობა, გადამწყვეტი შეხვედრა კი იაპონელ ტომოია ტაკეშიტასთან დათმო. რაც შეეხება პაპუკიშვილსა და ზაალიშვილს, მათ მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლებში შესაბამისად, რიოტო საკაი და აპტი უტსიევი დაამარცხეს.
კიდევ ორი მედალი ჩვენ ქვეყანას მერაბ სამადაშვილმა (66 კგ) და ირაკლი ქავთარაშვილმა (90 კგ) მოუტანეს, რომლებიც ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. სამადაშვილმა ტურნირი აზერბაიჯანელი ილჰამ ზეინალის ძლევით დაიწყო, რასაც ბულგარელ პრესლავ ნიკოლოვთან, სერბ მარკო იორგიჩთან და ფრანგ ელიას კრაპდონესთან გამარჯვება მოჰყვა, ფინალი კი აზერბაიჯანელ ნიჰად მამიშოვთან დათმო. ქავთარაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელი ომიდ ნაკჰოსტინი დაამარცხა.