„არ დავნებდები, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონობას ვგეგმავ“ - ინტერვიუ ვაჟა მარგველაშვილთან
ვაჟა მარგველაშვილი კარიერის საწყისი ეტაპისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში გულშემატკივრებს წარმატებებით ვეღარ ანებივრებს, რის გამოც მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა თავად 32 წლის ძიუდოისტი ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს და მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ძველებური შემართებითა და მონდომებით ემზადება. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა ახლახანს დასრულებული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა, და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ვაჟა მარგველაშვილი
კარგ ფორმაში ვიყავი და ევროპის ჩემპიონატისთვის გეგმაზომიერად ვემზადებოდი. კონტინენტის პირველობამდე ორი კვირით ადრე გამართულ ავსტრიის გრან პრიზე მედალი ვერ ავიღე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ოპტიმალურ კონდიციებს ვუახლოვდებოდი, შედეგების ჩვენება შემეძლო და ბრინჯაოს პრიზიორობასთანაც ახლოს ვიყავი. რაც შეეხება თბილისში გამართულ ევროპირველობას, ეს ძიუდოა და წაგებისგან დაზღვეული არავინ არ არის.
საერთოდ, როდესაც ტურნირი შენს სამშობლოში ტარდება, პასუხისმგებლობა გაცილებით დიდი გაქვს. პირველი მეტოქე არ მყავდა ისეთი ძლიერი და ვიფიქრე, სადებიუტო ბრძოლაში გავხურდები, ტატამიზე გარკვეული პერიოდი ვიქნები, ვიგრძნობ ტატამის, თუმცა არ გამიმართლა და პარტერში ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, სადაც შეიძლება ნებისმიერი სპორტსმენი მოხვდეს და ვეღარ ამოვედი აქედან. შეიძლება ვიღაც წერს, ვიღაც საუბრობს, რომ მარგველაშვილი ცუდად გამოვიდა, მაგრამ ისე დავასრულე ასპარეზობა, ფაქტიურად არც მიჭიდავია და ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ცუდად ვიყავი მომზადებული.
კრიტიკოსები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ მე წინა წელს ვიჭიდავე სამი ტურნირი - ეს იყო პარიზის გრანდ სლემი, სადაც მედალი ავიღე, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს პირველობა, სადაც მესამე შეხვედრა დავთმე. იმის მერე მე შეჯიბრებაზე დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში არ გავსულვარ და პირველად წელს განვაახლე ჭიდაობა პარიზში. ის შვიდი თვე სახლში ვიყავი, ტყუპები შემეძინა და რაღაცნაირად გადართული ვიყავი ოჯახზე, მაგრამ წელს უკვე ჩავერთე ძიუდოში ისევ აქტიურად, შეკრებები, მზადება და ჩემი თავის იმედი მაქვს. ჩემზე კარგად არავინ იცის რა რესურსი მაქვს და ვფიქრობ, კიდევ მეტი შემიძლია და არ დავნებდები.
ძიუდოში იმიტომ ვარ ამ დრომდე და იმიტომაც ვაგრძელებ, რომ ჩემი ოცნება არის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონობა. მე ჩემს თავს ვხედავ ჩემპიონად. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემიძლია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. მე საერთოდ ისეთი სპორტსმენი ვარ, რომ ოლიმპიადის წინ ერთი თვით ადრე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე და მართალია დავმარცხდი, მაგრამ კი არ გადავიღალე, ოლიმპიურ თამაშებზე ფინალამდე მივედი და შეიძლებოდა ჩემპიონიც გავმხდარიყავი.
სწორედ ამიტომ მწყდება გული იმ კომენტარების გამო, რომელიც ზოგიერთისგან მოდის - მათ ჩემი რეალური რესურსის შესახებ არ იციან და შესაბამისად ვერც შემაფასებენ. ხვალ გამოვალ, ჩემპიონი გავხდები და იტყვიან ჩემზეც იმას, რასაც დღეს შავდათუაშვილზე ლაპარაკობენ.
აქედან გამომდინარე, მე ასეთ ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევ და არც არასოდეს მიმიქცევია ყურადღება. სხედან და წერენ ჩემზე ისეთები, რომელთაც თავის პროფესიაში არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ. მზად ვარ შევხვდე ამ ადამიანებს და ვკითხო, რა გააკეთეს ცხოვრებაში ისეთი, რომ საკუთარ თავს აძლევენ უფლებას თუნდაც ჩემზე, თუნდაც ლაშა შავდათუაშვილზე და თუნდაც ჩემს სხვა მეგობრებსა და თანაგუნდელებზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრონ.
თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენს ვშრომობ, იმდენს ვიკლებ წონას, ეს ყველაფერი ისეთი რთულია და იმდენად ცუდი პროცესია, ჩემს ოჯახს ვაკლებ ამ დროს ყურადღებას. გამოვდივარ ტურნირებზე და ხან ვდებ შედეგს, ხან - ვერ ვდებ. ეს სპორტია და რაც შეეხება იმას, რომ ამოწურა მარგველაშვილმა თავისი თავი, მე რომ ამას ვფიქრობდე, ახლავე დავკეცავდი კიმონოს და წავიდოდი სახლში.
სარდალაშვილი თუ 66 კილოგრამში ამოვა, ამოვიდეს. გიორგი ჩემი მეგობარია, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მასთან. კარგი იქნება, თუ ჯანსაღი კონკურენცია იქნება წონაში და საერთოდ, სპორტი ასეთია, ვინც იმსახურებს და ვინც ძლიერია, ის უნდა წავიდეს მსოფლიოს პირველობაზე და ოლიმპიურ თამაშებზე.
საქართველოში ევროპის ჩემპიონობა კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობაა. კარგად იცით, რომ ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ და კონტინენტის პირველობაზე ისეთი მოტივაცია აღარ მაქვს, რადგან ამ შეჯიბრებაში გარკვეული წარმატებისთვის მიღწეული მაქვს. ახლა უახლოეს პერიოდში წავალ ულან ბატორის გრან პრიზე და ხალხს კიდევ ერთხელ ვაჩვენებ, შემიძლია, თუ აღარ შემიძლია.
ცნობისათვის, ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ევროპის ჩემპიონატი ორჯერ, 2016 წელს ყაზანში, 2024-ში კი ზაგრებში აქვს მოგებული, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორი 2017 წელს - ბუდაპეშტში და 2024 წელს აბუ დაბიში გახდა.