ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

„მზადებისას საკუთარ თავს ჯოჯოხეთი უნდა მოუწყო“ - შავდათუაშვილის წარმატების რეცეპტი

არამხოლოდ ქართული, არამედ თანამედროვე მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ ლაშა შავდათუაშვილმა გულშემატკივრები სასიამოვნოდ კიდევ ერთხელ გააოცა და 34 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი 13-წლიანი პაუზის შემდეგ მეორედ გახდა. კონტინენტის პირველობამდე წარუმატებელი გამოსვლის გამო, ლაშას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, რომლებიც მას კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ლეგენდარულმა სპორტსმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას შავდათუაშვილმა კრიტიკოსებსაც გასცა პასუხი და საკუთარი წარმატების საიდუმლოზეც ისაუბრა.

ლაშა შავდათუაშვილი

ჩემს ფინალამდე გადამწყვეტი შეხვედრა ეთერ ლიპარტელიანმა ჩაატარა, საოცარი ბრძოლა მოიგო და მისმა გამარჯვებამ დიდი მოტივაცია მომცა. ჩემთვის ეს ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული გამოდგა, რადგან მიყვარს როდესაც ქართველი გულშემატკივრები ჩემს გვერდით არიან.

საერთოდ ყველაზე რთული მზადების პერიოდია, საშეჯიბრო დღე კი ჩემთვის უდიდესი სიამოვნების მომტანია, რადგან ამ დღეს მთელი სტაფი, ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი სპორტული კარიერა ოდესღაც დასრულდება, ვცდილობ რაც შეიძლება მეტ შეჯიბრებაში ვიასპარეზო და მეტი სიამოვნება მივიღო.

სპორტსმენს თუ წარმატების მიღწევა სურს, ემოციების მართვა უნდა ისწავლოს. ყველას ოცნებაა სამშობლოში იჭიდაოს, რადგან ამ დროს ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ვერავინ დაგამარცხებს. რაც შეეხება ჩემს მზადებას, ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება, ანუ ვშრომობ თავდაუზოგავად. ერთ რამეს ვიტყვი, წარმატებისთვის საჭიროა ვარჯიშების დროს საკუთარ თავს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო და თუ წარმატებას დღეს ვერ მიაღწევ, შრომა ხვალ მაინც დაგიფასდება.

რაც შეეხება კრიტიკას, კომენტარებს ყველა ვკითხულობთ და მართალია ეს ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ხომ შეიძლება არსებობდეს სხვა სპორტსმენი, რომელსაც ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად დაანგრევს? ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, როგორ შეიძლება ცუდი დაწერო იმ ადამიანზე, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვს, თუ რამხელა შრომას დებს მომზადებაში და რისი გავლა უწევს ტურნირამდე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ფინელი ვალტერი ოლინი, კოსოვოელი აკილ გიაკოვა და ფრანგი ჟან ბენჟამინ გაბა დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დღეს წაგება არ შეიძლებოდა! ასეთი მუხტი არასდროს მიგრძვნია“ - თუშიშვილი ფინალის შემდეგ
„დღეს წაგება არ შეიძლებოდა! ასეთი მუხტი არასდროს მიგრძვნია“ - თუშიშვილი ფინალის შემდეგ