„მემუდარებოდა, რომ გამარჯვება დამეთმო“ - კრპალეკმა თუშიშვილთან ფინალზე ისაუბრა
ლეგენდარულმა ჩეხმა ძიუდოისტმა, ლუკას კრპალეკმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გურამ თუშიშვილთან მარცხის შემდეგ ჩეხურ მედიასთან ფინალური ორთაბრძოლა და ქართველ ფალავანთან დაპირისპირება შეაფასა. კრპალეკის კომენტარს Radiožurnál Sport ავრცელებს.
რას ამბობს კრპალეკი:
„ვეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა თუშიშვილის დასამარცხებლად, მაგრამ მას ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ, სამწუხაროდ, ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა.“
„მთელი შეხვედრის განმავლობაში მემუდარებოდა, რომ გამარჯვება დამეთმო“, - სიცილით იხსენებს ჩეხი სპორტსმენი. „როდესაც ტატამზე აღმოვჩნდით, მთხოვდა, რომ აღარ გამეგრძელებინა. უნდა ვაღიარო, ცოტა წყობიდან გამომიყვანა იმან, რომ შეხვედრის დროს ჩემთან ასე საუბრის უფლება მისცა საკუთარ თავს“, - განაცხადა კრპალეკმა.
ჩეხმა ძიუდოისტმა 2020 წელს, პრაღაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც გაიხსენა, სადაც თუშიშვილთან დამარცხდა და განაცხადა, რომ ამ მარცხის გამო რევანშის აღება სურდა:
„ნამდვილად მქონდა მიზეზი, რომ მისთვის სამაგიერო გადამეხადა. ახლა ცოტათი ვნანობ, რომ ბოლოს შემეძლო ოდნავ მეტად დავხარჯულიყავი. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა მას ამაზე სამაგიეროს გადავუხდი და ეს ევროპის ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვან ტურნირზე მოხდება.“
ცნობისთვის, აქამდე ლუკას კრპალეკი და გურამ თუშიშვილი ერთმანეთს 4-ჯერ იყვნენ შეხვედრილები და ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა - 2:2 იყო, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ კი გურამ თუშიშვილი 3:2 დაწინაურდა. ამასთან, ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის ჩემპიონობა კარიერაში მესამედ იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკას კრპალეკი ორგზის ოლიმპიური, სამგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.