„რეალში სიმკაცრე არ მუშაობს“ - ფიგუ მოურინიოს არ მიესალმება
უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო სპორტულ პრესაში ყველაზე მეტი მადრიდის „რეალში“ ფედე ვალვერდესა და ორელიან ჩუამენს შორის მომხდარ კონფლიქტზე იწერება და ბუნებივია ჟურნალისტები ინტერესდებიან სამეფო კლუბის ყოფილი ვარსკვლავების მოსაზრებებით, რომლებიც საკუთარ სათქმელს მოურიდებლად ამბობენ. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ლუიშ ფიგუ, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორებას „ბლანკოსში“ მისი თანამემამულის ჟოზე მოურინიოს დაბრუნება ვერ უშველის.
ლუიშ ფიგუ
ეს ყველაფერი, რაც ჩემს ყოფილ კლუბში ხდება, არანორმალურია. ასეთ სოლიდურ გუნდში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავსი მომენტები შეიძლება შეიქმნას გასახდელში წაგებული მატჩების შემდეგ, რადგან 30 ადამიანის მართვა რთულია და ხანდახან ისინი შეცდომებს უშვებენ.
ჩემს დროს ჟოზე თარჯიმანი იყო, მწვრთნელის დამხმარე და არასოდეს მიგრძვნია, რომ მას რაიმე ავტორიტეტი ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ სამეფო კლუბს ახლა მისი მისვლა სჭირდებოდა. ბოლოს და ბოლოს საჭიროა 25 ეგოს მართვა, ჩვენ დროს კი გაცილებით ადვილი იყო მწვრთნელისთვის დაერწმუნებინა მოთამაშეები საერთო მიზნისთვის ებრძოლა. მოკლედ გეტყვით - „რეალში“ სიმკაცრე არ მუშაობს, პირიქით, ფეხბურთელებს უფრო სხვა ტიპის მწვრთნელების ხელმძღვანელობით მოსწონთ ასპარეზობა, რაც დელ ბოსკეს, ზიდანისა და ანჩელოტის მაგალითებმაც აჩვენა.
ცნობისათვის, წამყვანი მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, „კლასიკოს“ დასრულებისთანავე „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახალი მწვრთნელის მოძიებას შეეცდება და როგორც ამბობენ, მისთვის პრიორიტეტული ჟოზე მოურინიოა, ხოლო დიდიე დეშამი და ლიონელ სკალონი სათადარიგო ვარიანტები.