„გუნდს ბოდიში მოვუხადე, ასევე, ბოდიში ყველა მადრიდისტას“ | ჩუამენის განცხადება
„რეალის“ ფეხბურთელმა, ორელიენ ჩუამენიმ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ფრანგმა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და მადრიდელთა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.
„ის, რაც ამ კვირაში ვარჯიშზე მოხდა, მიუღებელია. ამას ვამბობ იმის გაცნობიერებით, რომ ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა ვიყოთ — იქნება ეს ფეხბურთში თუ სკოლაში. მიუხედავად იმისა, ვინ არის მართალი თუ მტყუანი, კონფლიქტის მოსაგვარებლად ყოველთვის ყველაზე მშვიდი გზა უნდა ვეძებოთ.
პირველ რიგში, ვწუხვარ იმ იმიჯის გამო, რომელიც კლუბის გარშემო შევქმენით. ვიცი, რომ გულშემატკივრები, პერსონალი, ჩემი თანაგუნდელები, ხელმძღვანელობა — ყველა ღრმად იმედგაცრუებულია იმით, თუ როგორ წარიმართა ეს სეზონი. თუმცა იმედგაცრუება ყველაფრის გამამართლებელი საბუთი ვერ იქნება.
ეს ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ გასახდელში შეიძლება მოხდეს, მადრიდის „რეალის“ საკადრისი არ არის. მით უმეტეს, რომ „რეალი“ არის კლუბი, რომელზეც მსოფლიოში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა აღარ არის იმის გარკვევის დრო, თუ ვინ რა გააკეთა, ვინ რა თქვა, ან ვინ იყო მართალი თუ მტყუანი. მე ვაცნობიერებ კლუბის სანქციას და ვეთანხმები მას.
ჩვენ ვრჩებით ოჯახად, სადაც ხანდახან ხდება უთანხმოებები, მაგრამ ჩვენი მიზნები ყოველთვის ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. მე ბოდიში მოვუხადე გუნდს და ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მადრიდისტას“.
ცნობისთვის, ოფიციალური განცხადება ვალვერდემაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.