ირაკლი უზნაძე
Aa
Aa

„თუშიშვილისნაირი ეფექტური ძიუდოისტი მძიმე წონას არ ჰყოლია“ - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან

ირაკლი უზნაძის მოსაზრებები და მასთან ძიუდოზე საუბარი ყოველთვის უზომოდ საინტერესოა. ის წლების მანძილზე საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა და ჩვენი ქვეყნის გუნდის ზოგიერთ წევრს, მისი ხელმძღვანელობითაც აქვს ნაჭიდავები. სწორედ ამიტომ უზნაძეს, რომელიც საქართველოდან წასვლის შემდეგ თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მესაჭედ მუშაობდა, Crystalsport-ი დაუკავშირდა და უშუალოდ მისგან შეიტყო, რომ ამ პოსტს აღარ იკავებს და ახალ შემოთავაზებებს ელოდება. საკუთარ კარიერასა და მომავალზე ლაპარაკის შემდეგ კი, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობაც შეაფასა.

ირაკლი უზნაძე

პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ თურქეთის ნაკრებიდან წამოვედი. რამდენიმე ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.

გიორგი სარდალაშვილი უდავოდ ნიჭიერი და სტაბილური მოჭიდავეა, რომელიც თავისი გაწონასწორებული ხასიათიდან გამომდინარე, ტატამიზე მინიმალურ შეცდომებს უშვებს. მან ორი უმაღლესი ჯილდო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მოიგო, პარიზის ოლიმპიადაზე მედალს ვერ შესწვდა, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. პოტენციალს თუ სწორად გამოიყენებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2028 წელს ლოს-ანჯელესში ოლიმპიური ჩემპიონი გახდება.

ვაჟა მარგველაშვილი ჩემი მწვრთნელობის დროსაც საქართველოს ნაკრებში იყო, მას კარგად ვიცნობ და საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად უდგება. მართალია ამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა, მაგრამ მის მიმართ ზედმეტად მკაცრები ნუ ვიქნებით - სპორტია და ყველაფერი ხდება. ვაჟა ამ წონაში უკვე ათი წელია, ზუსტად 2016 წელს მოიგო პირველად კონტინენტის პირველობა და მაშინ გაიმყარა საქართველოს ნაკრებში ადგილი და დღესაც ლიდერად ითვლება როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მარგველაშვილი ისეთი მონდომებული და ისეთი პროფესიონალია, რომ ის თავის სიტყვას კიდევ იტყვის და იმედი მაქვს ეს ოლიმპიურ თამაშებზე მოხდება.

ლაშა შავდათუაშვილი უნიკალური ძიუდოისტია. ვინც ამ სფეროში კარგად ჩახედული არ არის, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ არ შეიძლება ყველა შეჯიბრებაზე სპორტსმენი წარმატებულად ასპარეზობდეს. ყველას აქვს ჩავარდნები და აღმასვლები და როდესაც ადამიანი თავის საქმეს პროფესიონალურად უდგება, ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევს და ლაშამ ყველას აჩვენა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. მიზანი, შრომა, დისციპლინა - შავდათუაშვილში სპორტსმენისთვის საჭირო ეს სამი თვისება იდეალურად არის შერწყმული და მან საკუთარი თავი თავადვე შექმნა.

81 კილოგრამში მე დღესაც მიმაჩნია, რომ ლიდერი და საუკეთესო ძიუდოისტია ტატო გრიგალაშვილია. აქვთ გამონათებები ძიუდოისტებს, როგორიც ტიმურ არბუზოვს ჰქონდა, მაგრამ სტაბილურობა სულ სხვა რამეა. გასაგებია, წააგო ტატომ ფინალი არბუზოვთან, რომელიც მართლაც აღმავლობის გზაზეა, მაგრამ რამდენად სტაბილური იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ. ფიზიკური მომზადების გარდა, მათ დაპირისპირებაში უმნიშვნელოვანესი იქნება ფსიქოლოგიური მზაობა. გრიგალაშვილის პროფესიონალიზმი კი მაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ჩამოხსნის ოქროს მედალს კონკურენტს და ჩემპიონობას დაიბრუნებს.

ლუკა მაისურაძე სტაბილურად და მიზანმიმართულად ემზადება ყველა შეჯიბრებისთვის, შიდა კონკურენციის მიუხედავად ყოველთვის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს, რაც გასათვალისწინებელია. ორი მომენტი იყო ლუკას კარიერაში, რომელსაც შეეძლო ის გაეტეხა. პირველი ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო 2020-ის მაგივრად, 2021-ში ჩატარდა და 81 კილოგრამის ნაცვლად 90-ში აიწია და ამ ტურნირის გარეთ დარჩა. მეორე კი დოპინგი, მაგრამ იგი არ გატყდა და ორმაგი მონდომებითა და ენთუზიაზმით გააგრძელა წინსვლა. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ის რომ მოვლენაა, ეს არახალია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასაკის მიუხედავად, მთელი მსოფლიოს ალაპარაკება შეძლო. ისე ავლენს ქართულ ხასიათს, რომ წამითაც არ უშვებს, რომ შეიძლება წააგოს, რაც სხვა ძიუდოისტებისგან გამოარჩევს. წარმოიდგინეთ, კუნთი ჰქონდა ამ ევროპაზე გაწყვეტილი და მაინც გამოვიდა და ბოლომდე დაიხარჯა.

თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ილია სულამანიძე თავისი წონის ლიდერად მიმაჩნია. თუ შეჯიბრებას იგი ასპროცენტიანი მზადყოფნით ხვდება, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.

კულუარული ინფორმაციით ვიცოდი, რომ ამ კონტინენტის პირველობის წინ გურამ თუშიშვილს ტრავმა ჰქონდა და სათანადოდ ვერ მოემზადა, მაგრამ ხასიათისა და ნიჭის ხარჯზე ოქროს მედალი მაინც მოიპოვა. ტედი რინერიც მინახავს, მაგრამ მძიმე წონაში მსოფლიოს მასშტაბით ასე ლამაზად და ეფექტურად, როგორც გურამი ჭიდაობს, არავის უჭიდავია.

ეთერ ლიპარტელიანმა ქართულ ქალთა ძიუდოს თავისი ელფერი შესძინა. თუ ადრე მსოფლიოში მხოლოდ ვაჟებით ვიყავით ცნობილი, ახლა გოგონებშიც ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ის ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მიზანმიმართული შრომითა და ხასიათით, რაც მანაც შედეგში გარდასახა.

ყველაზე მეტად გული მაინც ჩემი მუშაობის პერიოდში ავთანდილ ჭრიკიშვილზე მწყდება, რომელზეც ვფიქრობდი რომ სამჯერ გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი და ერთხელაც ვერ გახდა. მთლიანობაში კი მინდა ყველა იმ სპორტსმენს გადავუხადო დიდი მადლობა, რომელთა გაწვრთნის საშუალებაც მომეცა და ასევე იმ მწვრთნელებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული განსაკუთრებული გუნდი ვიყავით და მაქსიმალურად ვცდილობდით წარმატების მიღწევას.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს - 57, 73, 90 და მძიმე წონით კატეგორიებში ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტატოს ადგილზე ამას ახლავე გავაკეთებდი“ - ხუბულურის შეფასებები
„ტატოს ადგილზე ამას ახლავე გავაკეთებდი“ - ხუბულურის შეფასებები