„სამი მოგებაც ვერ გვიშველის“ - სლოტმა სეზონი ნაადრევად შეაფასა
წლევანდელ ევროტურნირებზე ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლების წარმატებული გამოსვლა რომ არა, მომავალ სეზონში „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა. ახლა კი, იმის გამო, რომ ინგლისის ჩემპიონატიდან საგზურს ოთხის ნაცვლად ხუთი კლუბი იღებს, მერსისაიდელებს მიზანი პრაქტიკულად მიღწეული აქვთ და სეზონს შედარებით მშვიდად ასრულებენ. თუმცა, კლუბის ნიდერლანდელი დამრიგებელი არნე სლოტი, რომლის თანამდებობაზე დატოვებაც ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო, სეზონს აშკარად უარყოფითად აფასებს.
არნე სლოტი
დარჩენილ სამივე ტურში ქულათა მაქსიმუმიც რომ დავაგროვოთ, სეზონს დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. პოზიტიური მხოლოდ ის გახლავთ, რომ ფეხბურთელების ნაწილი, რომლებიც ტრავმების გამო ვერ გვეხმარებოდნენ, „ჩელსისთან“ იასპარეზებენ, ნაწილი კი ერთი კვირის შემდეგ დაგვიბრუნდებიან. ფანებს ვპირდები, რომ მომავალი სეზონიდან ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის შემადგენლობის თვალსაზრისითაც. ახლა კი საჭიროა, რომ დარჩენილ სამ თამაშში ოთხი ქულა ავიღოთ, რაც ჩემი გამოთვლებით ხუთეულში მოხვედრისთვის საკმარისი იქნება.
ცნობისათვის, გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები დღეს „ჩელსის“ უმასპინძლებენ, 15 მაისს სტუმრად ევროპა ლიგის ფინალისტთან „ასტონ ვილასთან“ იასპარეზებენ, ხოლო 24 მაისს ჩემპიონატს „ბრენტფორდთან“ საშინაო მატჩით დაასრულებენ. 35 ტურში დაგროვებული 58 ქულით მერსისაიდელები მეოთხე ადგილზე არიან და მეექვსეზე მყოფ „ბორნმუთს“ 6 ქულით უსწრებენ.