„მამუს შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ტორონტოს გენერალური მენეჯერი
„ტორონტო რეპტორსი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა სანდრო მამუკელაშვილი შეინარჩუნოს. ამის შესახებ კანადური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, ბობი უებსტერმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, მამუკელაშვილს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება და 2.8 მილიონ დოლარზე შეუძლია და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუმცა დიდი ალბათობით ქართველი კალათბურთელი 2.8 მილიონ დოლარზე უარს იტყვის და შეეცდება, „ტორონტოსთან“ კონტრაქტი უფრო კარგი პირობებით გააფორმოს.
თავად მამუკელაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი კვლავ „ტორონტოში“ დაბრუნებაა. ახლა კი 26 წლის ქართველ ცენტრთან დაკავშირებით გუნდის გენერალურმა მენეჯერმაც ისაუბრა:
„მამუკელაშვილი გუნდს კარგად შეეწყო. გავესაუბრებით მის წარმომადგენლებს და თვითონ სანდროსაც. რა თქმა უნდა, მასაც დარჩენა სურს. NBA-ს თავისი ფინანსური რეალიები აქვს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მამუკელაშვილი შევინარჩუნოთ“.
ცნობისთვის, „ტორონტოში“ სადებიუტო სეზონში მამუკელაშვილმა 80 მატჩი ჩაატარა (13 ძირითადში) და საშუალოდ 21.9 წუთში 11.2 ქულას, 4.9 მოხსნას, 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ქართველი ცენტრი „სეზონის საუკეთესო მე-6 კალათბურთელის“ გამოკითხვაში მეათე ადგილზე მოხვდა.