„მისნაირი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან“ | დიტმარ ჰამანი კვარაცხელიაზე
დიტმარ ჰამანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან. ჰამანმა პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და აღნიშნა, რომ მისნაირი მოთამაშეები თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტანი არიან.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრებში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. მათგან ერთი კუთხურიდან იყო, მეორე კი — ძალიან საეჭვო თერთმეტმეტრიანიდან. „არსენალს“ 540 წუთია თამაშიდან გოლი არ გაუშვია. „პარი სენ-ჟერმენს“ სწორედ ამ დონის დაცვის გარღვევა მოუწევს, მაგრამ ვფიქრობ, მათ ამისთვის საჭირო იარაღები აქვთ.
ხვიჩა კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს შორის, მომავალში „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. „ბაიერნთან“ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრებში ის გამორჩეული იყო.
კვარაცხელია ძლიერი დრიბლიორია და მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომლის თამაშის ყურებითაც ტკბები და მისნაირები თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტანი არიან“.
ცნობისთვის, „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება ბუდაპეშტში, 30 მაისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.