ინგლისური კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ | ლოჩოშვილზე დიდი მოთხოვნაა
გერმანული Club Fokus-მა Kicker-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლუკა ლოჩოშვილის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბი იჩენენ: „გადახდისუნარიანი მსურველები ნამდვილად არსებობენ. ჟურნალ Kicker-ის ხუთშაბათის ნომრის მიხედვით, ამ ძლიერი მცველით განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ, თუმცა, ვინაიდან მას კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, ნიურნბერგს თეორიულად ყველა კარტი ხელში უჭირავს, რომ სოლიდური სატრანსფერო თანხა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი არ არის ჩადებული''.
Club Fokus-ი, რომელიც მხოლოდ ნიურნბერგის შესახებ წერს, ლუკას შესაძლო ტრანსფერზე რამდენიმე დღის წინაც დაწერა: „ნიურნბეგის ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა ლოჩოშვილმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა კლუბი დატოვოს. კლუბი მის ერთ-ერთ შემცვლელად ლიგა 3-ის ვერლში მოთამაშე ფინ ოტოს მოიაზრებს, რომელსაც გერმანიის 16-წლამდე ნაკრებში უთამაშია და რანგით მესამე ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ლოჩოშვილის მსგავსად მარცხენა ცენტრალური მცველია''.
ნიურნბერგმა ფინ ოტოს ტრანსფერი უკვე დაადასტურა. ამპლუით მარცხენა ცენტრალური მცველია, ლოჩოშვილის შემცვლელად მოიაზრება.
27 წლის ლოჩოშვილი ნიურნბერგს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე იტალიური კრემონეზედან შეუერთდა. ბუნდესლიგა 2-ის 32 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ასევე, 31-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 30-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს. ასევე, მის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაა, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.