ნიჭიერი ახალგაზრდაა | ბაიერნის სპორტული დირექტორი თორნიკე კვარაცხელიაზე
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელიც გერმანული კლუბის აკადემიაში იმყოფებოდა, ვარჯიშსა და თამაშში მონაწილეობა მიიღო.
კრისტოფ ფროინდი: „შემიძლია დავადასტურო, რომ ხვიჩას ძმა აქ იმყოფებოდა, ჩვენთან ერთად ივარჯიშა და საკონტროლო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. იმაზე საუბარი, არის თუ არა ის ისეთივე კარგი, როგორიც მისი ძმაა, რომელიც გამორჩეული, მსოფლიო დონის მოთამაშეა, ჯერჯერობით გადაჭარბებული იქნებოდა, თუმცა ის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.
ბაიერნის 17-წლამდე გუნდი კლუბის ლეგენდის, კლაუს აუგენთალერის გლობალურ აკადემიას დაუპირისპირდა. ქართველ მარცხენა გარემარბს მიუნხენელთა მთავარი სკაუტი, ნილს შმადტკე აკვირდებოდა. კვარაცხელიამ შთამბეჭდავი ტექნიკური უნარები გამოავლინა, ფიზიკური მომზადებისა და ინტენსივობის კუთხით კი მომატება შეუძლია. მთლიანობაში, მან სინჯებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 3:1 მოგებულ შეხვედრაში ეფექტური გოლიც გაიტანა.
როგორც გერმანელმა ჟურნალისტებმა ფილიპ კესლერმა და მანუელ ბონკემ დაწერეს, საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ კვარაცხელიას მიუნხენში გადასვლა მხოლოდ 18 წლის ასაკში შეუძლია. შესაძლებელია, ტრანსფერის შემთხვევაში, მან 18 წლამდე პერიოდი იჯარის წესით, ბაიერნთან დაახლოებულ კლუბში გაატაროს. თორნიკემ პსჟ-სთან მატჩს ალიანც არენას ტრიბუნებიდან ადევნა თვალი. თუ ბაიერნი გამონახავს გზას, რომ ის პარტნიორი კლუბების მეშვეობით გააფორმოს, თეორიულად, მას გუნდთან შეერთება 18 წლის შესრულებისთანავე შეეძლება.