ბაშაქშეჰირში მომდევნო სეზონიდან - ხარებაშვილის ტრანსფერი დადასტურდა
საბა ხარებაშვილი კარიერას თურქეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ „ისთანბულ ბაშაქშეჰირში“ განაგრძობს. თბილისის „დინამოს“ 17 წლის მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა ის კონტრაქტს თურქეთის გუნდთან ოფიციალურად სექტემბერში გააფორმებს, როდესაც სრულწლოვანი გახდება და შესაბამისად, „ბაშაქშეჰირსაც“ მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.
საბა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, საქართველოს ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი უკვე შედგა, რის შემდეგაც „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. თბილისის „დინამოში“ ყველა ტურნირზე გამართულ 58 მატჩში მის ანგარიშზე 6 საგოლე პასია და საჭიროების შემთხვევაში მას ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია ასპარეზობა.
ცნობისათვის, „ისთანბულ ბაშაქშეჰირის“ მთავარი მწვრთნელი „დორტმუნდისა“ და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ნური შაჰინია.