ლოჩოშვილს და კვერნაძეს კარგი თამაში დაუფასდათ | ორივე ტურის სიმბოლურშია
სერია B-ს 23-ე ტურში ფროზინონე შინ ვენეციასთან 1:2 დამარცხდა. ორივე გუნდის შემტევებიდან გიორგი კვერნაძე საუკეთესო იყო, Sofascore-მა შემტევებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა - 8,1, დღეს კი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
კვერნაძემ ვენეციასთან საგოლე პასი შეასრულა, 43-ე წუთზე შეტევა განავითარა და შემდეგ ვარდნაში რაიმონდოს მისამართით ეფექტური გადაცემა შეასრულა. 65-ე წუთზე კვერნაძემ გოლი გაიტანა, თუმცა არ ჩაითვალა, რადგან ბურთი მის თანაგუნდელს ხელზე მოხვდა. ძალიან კარგად შეასრულა და ამ მომენტშიც გამოჩნდა, რომ მშვენიერ ფორმაშია. 79-ე წუთზე შეცვალეს.
ზოგადად, აღნიშნული ტიპის ვებგვერდები ყოველთვის სრულ სურათს ვერ გვაძლევენ, მაგრამ კვერნაძესთან მიმართებით შეფასება ნამდვილად სამართლიანია. მიმდინარე სეზონში და განსაკუთრებით ბოლო მატჩებში ძალიან სიხიფათოა, შეტევებს ამწვავებს და საგოლე მოქმედებებიც დააგროვა. სერია B-ს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მის აქტივში 6 საგოლე მოქმედებაა, მასიმილიანო ალვინის გუნდს 3 გოლითა და 3 საგოლე პასით დაეხმარა. ბოლო ოთხ მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.
გასულ ტურში გამართული მატჩების მიხედვით აღნიშნული სტატისტიკური ვებგვერდის რჩეულთა შორის კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ბუნდესლიგა 2-ის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ლუკა ლოჩოშვილია, რომელმაც პადერბორნს გოლი გაუტანა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 8,1.
ამ ტურის წინ ლოჩოშვილთან დაკავშირებით, სტატისტიკურმა პლატფორმა WyScout-მა საინტერესო მონაცემები გაავრცელა. ლუკა გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დაცვითი დუელების მინიმუმ 76 პროცენტი და საჰაერო ორთაბრძოლების სულ მცირე 60 პროცენტი აქვს მოგებული (აღნიშნული სტატისტიკა ბოლო ტურის მატჩებს არ მოიცავს).
ნიურნბერგის მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზე ლუკას დიდ ნდობას უცხადებს, ქართველი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში გასულ ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ მუდმივად სასტარტოშია. ბუნდესლიგა 2-ში 21 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო. 21-დან 20-ში სასტარტოში იყო და 20-დან 19 შემთხვევაში 90 წუთი ითამაშა. მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.