ჯონ ჯონსი ავარჯიშებს - გენოს ყოფილი მეტოქე ჩემპიონობას უმიზნებს
25 წლის ამერიკელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გეიბლ სტივსონმა, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ფინალში გენო პეტრიაშვილთან დრამატულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით გახდა, უკვე დიდი ხანია შერეულ ორთაბრძოლებში გადაინაცვლა. სტივსონი სპორტის ამ სახეობის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის, ჯონ ჯონსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, რომელმაც განაცხადა, რომ გეიბლი 2027 წელს UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება და მწვრთნელს შეგირდიც ასი პროცენტით ეთანხმება.
გეიბლ სტივსონი
დიახ, ასი პროცენტით მჯერა, რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდები და მგონი საამისო საფუძველი მართლა არსებობს - ბოლოს და ბოლოს „ბოუნსი“ მავარჯიშებს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ის უდიდეს ყურადღებას მაქცევს და ცდილობს უმნიშვნელო კომპონენტების გაუმჯობესებაშიც კი დამეხმაროს.
შერეული ორთაბრძოლები ეს სპორტის ურთულესი სახეობაა, სადაც ყველა მოწინააღმდეგე უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. თუნდაც მძიმე წონაში უამრავი უძლიერესი მებრძოლია თავმოყრილი. თუმცა, ის პოტენციალი, სისწრაფე, ტექნიკა და გამძლეობა, რაც არსენალში მაქვს, ვფიქრობ ყველასთვის სასიამოვნო სიახლე იქნება.
შეგახსენებთ, რომ მძიმე წონაში საჩემპიონო ქამარს ამჟამად ინგლისელი ტომ ასპინალი ფლობს, რომელმაც თვალის ტრავმის გამო სირილ განთან საჩემპიონო ბრძოლა ვერ დაასრულა და ამ შეხვედრის შედეგი ბათილად გამოცხადდა.